დაიბადა გორში. დაამთავრა აგარის საჯარო სკოლა. სკოლის პარალელურად დადიოდა თბილისის ეროვნულ სასახლეში, პედაგოგ რუსუდან ცალქალამანიძესთან და გაიარა ტიხრული მინანქრის 2– წლიანი კურსი. ამზადებს ვერცხლის საყურეებს, ბეჭდებს, გულსაკიდებს და სპილენძზე პანოებს. – სალომე ყიფშიძის პერსონა.
– ბავშვობაში მიყვარდა მძივები და კაშკაშა ფერები. ბისერებისგან ვაკეთებდი სამკაულებს. სკოლის პერიოდში გვქონდა ღონისძიება, რომ შეგვექმნა ჯგუფურად მინიატიურული საახალწლო ნამუშევრები, მათი გამოფენა და გაყიდვა, რაც წარმატებით დასრულდა.
– რატომ ტიხრული მინანქარი?
– ბისერების შემდეგ დავინტერესდი ტიხრულ მინანქარში დამზადებული სამკაულებით და პანოებით.
ტიხრული მინანქრის ორწლიანი კურსის პერიოდში მქონდა ორი გამოფენა, და დღესაც ჩემი შექმნილი პანოები მესამე გამოფენისთვის არის გამზადებული.
– გაქვთ გვერდი „მთის ალმასი“. ქართული ტიხრული მინანქარი განსაკუთრებულია… როგორ წარმოგიდგენიათ ტრადიციისა და თანამედროვეობის კავშირი ქართულ ტიხრულ მინანქარში?
– ამ ხაზს გავყვები. საინტერესო იქნება ძველი და ახალი ორნამენტებით სამკაულების დატვირთვა. დაინტერესებული ვარ ოქრომჭედლობითაც.
– ერთი ნამუშევრის ისტორია…
– დედის დღესთან დაკავშირებით შევქმენი ესკიზი ტიხრულ მინანქარში და ვუწოდე „დედაშვილობა“.
– ამჟამად რაზე მუშაობთ?
– ამჟამად ვქმნი ესკიზებს მომავალი ნამუშევრისთვის.
– ჰობი…
– ჩემი ჰობია ხატვა და სამკაულებზე მუშაობა.
– სამომავლო გეგმები?
– ძალიან მინდა მქონდეს ჩემი სახელოსნო და მომავალ თაობას შევასწავლო ტიხრული მინანქარი.



თამარ შაიშმელაშვილი