ვლადიმერ (ვოვა) კანდელაკის რეტროსპექტული გამოფენა გაიხსნება

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, 19 დეკემბრიდან 2026 წლის 1 თებერვლის ჩათვლით, მხატვარ ვლადიმერ (ვოვა) კანდელაკის რეტროსპექტულ გამოფენას უმასპინძლებს. ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, გამოფენა 19 დეკემბერს, 18.00 საათზე გაიხსნება.
ვლადიმერ კანდელაკი 1970-იანი წლების ქართველი მხატვრების თაობის გამორჩეული წარმომადგენელია. მისი შემოქმედება თემატური და სტილისტური მრავალფეროვნებით გამოირჩევა. რეტროსპექტული ხასიათის გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მისი მოღვაწეობის თითქმის ყველა პერიოდი: როგორც ნონკონფორმისტული ხასიათის ასამბლაჟები და კოლაჟები, ასევე სიურეალისტური კომპოზიციები, ეროვნულ-ისტორიული სიუჟეტები – საქართველოს მთის ეპოსი და თბილისური მოტივები.
ვლადიმერ კანდელაკის როგორც ნონკონფორმისტი მხატვრის ჩამოყალიბება XX საუკუნის 70-იანი წლებიდან იწყება. სარკაზმითა და იუმორით აღსავსე ობიექტებში ხელოვანი ასახავს საბჭოთა რეალობას კომიკურობამდე მისული პროპაგანდისტული ნარატივით.
ვლადიმერ კანდელაკი დაიბადა ქ.თბილისში 1943 წელს. 1971 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია; 1969 -1990 წლებში იყო სსრკ მხატვართა კავშირის წევრი; 1990 წელს მას მიენიჭა საქართველოს დამსახურებული მხატვრის წოდება; 1993 წელს გახდა იუნესკოს ხელოვანთა საერთაშორისო ფედერაციის წევრი; 1999 წელს – თბილისის სამხატვრო აკადემიის დამსახურებული პროფესორი; 2003 წელს მიანიჭეს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. 1970-იანი წლებიდან მხატვარი აქტიურად იფინებოდა საქართველოს მუზეუმებსა და კერძო გალერეებში, ხოლო 1990-იანი წლებიდან მისი პერსონალური გამოფენები მოეწყო აშშ -ში (ვაშინგტონი, ფილადელფია, ატლანტა, ნიუ-იორკი), პოლონეთში, ფინეთსა და რუსეთში.
მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოსა და საზღვარგარეთის მუზეუმებში: საქართველოს ეროვნული მუზეუმში, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში (თბილისი); ზიმერლის ხელოვნების მუზეუმში (ნიუ ჯერსი, აშშ); კრემონას ფონდში (მერილენდი, აშშ); ტრეტიაკოვის გალერეასა და აღმოსავლეთის ხალხთა ხელოვნების მუზეუმში (მოსკოვი,რუსეთი); აგრეთვე საბჭოთა და ნონკონფორმისტული ხელოვნების ცნობილი მკვლევრისა და კოლექციონერ ნორტონ დოჯისა და სხვათა კერძო კოლექციებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები