გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებმა არასრულწლოვანთა ადგილობრივი მულტიდისციპლინური საბჭოს წევრებთან ონლაინ შეხვედრები გამართეს

საქართველოს გენერალური პროკურატურის ორგანიზებით, გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა არასრულწლოვანთა ადგილობრივი მულტიდისციპლინური საბჭოს წევრებთან  ონლაინ შეხვედრები გამართეს. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებმა მულტიდისციპლინური საბჭოს წევრებს  ინფორმაცია მიაწოდეს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართულებით პროკურატურის მიერ განხორციელებული საქმიანობის და სამომავლო გეგმების, ასევე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში გამოვლენილი ტენდენციების შესახებ.

“შეხვედრებზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებულმა პროკურორებმა, გამომძიებლებმა, ადვოკატებმა, სოციალურმა მუშაკებმა, მედიატორებმა, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობებისა და სკოლის მანდატურის სამსახურების წარმომადგენლებმა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების აქტუალური საკითხები და პრაქტიკაში არსებული გამოწვევები განიხილეს, ასევე, იმსჯელეს იდენტიფიცირებული გამოწვევების აღმოფხვრის გზებსა და უწყებათშორისი კოორდინაციის გაღრმავების მნიშვნელობაზე.

აღსანიშნავია, რომ არასრულწლოვანთა ადგილობრივი მულტიდისციპლინური საბჭოები წარმოადგენს ადგილობრივ დონეზე არსებულ უწყებათშორისი კოორდინაციის ეფექტურ მექანიზმს, რომელიც პროკურატურის ინიციატივით შეიქმნა და 2016 წლიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებს.

საქართველოს პროკურატურა მომავალშიც გააგრძელებს მუშაობას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში უწყებათაშორისი კოორდინაციის გაძლიერების მიმართულებით,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები