ვლადიმერ ბორცვაძე: ამ დანაშაულის შესახებ ინფორმაცია მივიღეთ, დაახლოებით, 3 თვის წინ, ევროპოლის შესაბამისი არხის მეშვეობით

ამ დანაშაულის შესახებ ინფორმაცია მივიღეთ, დაახლოებით, 3 თვის წინ, ევროპოლის შესაბამისი არხის მეშვეობით და ამ საქმემ გამოაჩინა, რამდენად მნიშვნელოვანია ეს საერთაშორისო თანამშრომლობა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ, პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ფაქტთან დაკავშირებით სატელევიზიო ეთერში განაცხადა.

 ბორცვაძის განცხადებით, ამ საქმით გამოჩნდა, როგორ თანამშრომლობს შინაგან საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო პარტნიორებთან და რამდენად მნიშვნელოვანია ეს თანამშრომლობა.

,,პირველ რიგში, სანამ თქვენს კითხვას ვუპასუხებდე, აუცილებელია, აღინიშნოს საერთაშორისო თანამშრომლობა, თუ როგორ თანამშრომლობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო პარტნიორებთან და ამ კუთხით, რამდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ეს თანამშრომლობა, მათ შორის ევროპოლთან, ამ სისხლის სამართლის საქმის წარმატებით დასრულების კუთხით. საქართველო არის ევროპოლის ოპერატიული წევრი ქვეყანა, ასე ვთქვათ, ჩვენ ოპერატიულად ვცვლით ინფორმაციას ბოლო 2 წლის მანძილზე და ევროპოლის არხებით ჩვენ ვიღებთ არაერთ ოპერატიულ ინფორმაციას, ამა თუ იმ დანაშაულთან დაკავშირებით.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში არსებობს კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დანაყოფი, ასევე, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის დანაყოფი და ეს დანაყოფები მუდმივ რეჟიმში მუშაობენ და პრევენციული ხასიათის ღონისძიებებს ახორციელებენ. ამავდროულად, მოიპოვებენ გარკვეულ ინფორმაციას კონკრეტული დანაშაულის შესახებ, შესაძლო დანაშაულის მზადების შესახებ და მუდმივად, ცოცხალ რეჟიმში მიმდინარეობს ინფორმაციის დამუშავება.

ამ დანაშაულის შესახებ ჩვენ ინფორმაცია მივიღეთ, დაახლოებით, 3 თვის წინ, ევროპოლის შესაბამისი არხის მეშვეობით და ავტომატურ რეჟიმში დავიწყეთ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება და პარალელურად, როდესაც დავადგინეთ პიროვნებები, ვინც იყვნენ ჩართულნი ამ დანაშაულში, უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რა თქმა უნდა, დავიწყეთ თანამშრომლობა იმ ქვეყნის წარმომადგენლებთან, მათ შორის ავსტრალიისა და ამერიკის შეერთებული შტატების სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებთან, რათა ერთობლივად გაგვერკვია, თუ რასთან გვქონდა საქმე და რა დანაშაულს ჰქონდა ადგილი.

ძალიან სამწუხაროა და მე გარკვეულწილად მიმძიმს ამ სისხლის სამართლის საქმის ირგვლივ საუბარი, ვინაიდან მორალურად ძალიან რთულია, როდესაც ადამიანს შეხება გაქვს მსგავს დანაშაულთან, ცივი გონებით შეხედო მსგავსი კატეგორიის ქმედებებს,”- განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი დააკავა. აღნიშნულის შესახებ დღეს უწყებაში ბრიფინგი გაიმართა. სამართალდამცველების მიერ დაკავებული არიან აშშ-ის 1 მოქალაქე, ავსტრალიის 1 მოქალაქე, და საქართველოს 9 მოქალაქე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები