რომან კაკულია: მივესალმები ყველაფრისათვის საკუთარი სახელის დარქმევის პროცესს და დიდი ფესვების მქონე ტყუილის დამთავრებას

„მივესალმები ყველაფრისათვის საკუთარი სახელის დარქმევის პროცესს და დიდი ფესვების მქონე ტყუილის დამთავრებას”, – ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ განაცხადა.
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ “ევროპული საქართველოს“ მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალიზაციის თაობაზე, სპეციალური დადგენილების მიღების შესახებ განაცხადა, რომ ერთი დღეც არ გაჩერდება იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომლის ევროპულ ორიენტაციაშიც შეიძლება ეჭვი შეეპაროს:
„პირველ რიგში, მინდა მკაფიოდ დავუჭირო მხარი უმრავლესობის ლიდერის პათოსს და განცხადებას იმიტომ, რომ ეს თემა, რომელიც დაკავშირებულია საგარეო პოლიტიკისადმი ჩვენს დამოკიდებულებასთან და იმ უსაფუძვლო ბრალდებებთან, რომლებიც ისმოდა „ქართული ოცნების“ მიმართულებით, სათავეს იღებს 2012 წლიდან, უფრო სწორად 2012 წლამდე, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ახერხებდა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში შეცდომაში შეეყვანა სრულიად განვითარებული სამყარო, რომ ოპოზიცია ქვეყანაში არის პრორუსული, ამიტომ გარკვეული გადაცდომები შესაძლებელია იყოს იმიტომ, რომ ისინი ებრძვიან აბსოლუტურად პრორუსულ ოპოზიციას. შემდეგ კი, როდესაც მათ, სრულიად დისკრედიტირებულებმა, არა მხოლოდ ადამიანის უფლებების საკითხში, არამედ საგარეო პოლიტიკაშიც წარუმატებელი კატასტროფული ნაბიჯების გამო დატოვეს ხელისუფლება, მათ დარჩათ ერთადერთი არგუმენტი, რომლითაც შეეცადნენ გაეგრძელებინათ არსებობა და მომავალი პერსპექტივა შეექმნათ. კვლავ პრორუსული(ობაზე?) ხელისუფლებაში მოსული ძალის პრორუსულობაზე საუბარი იყო ერთადერთი არგუმენტი, რომლითაც მათ გააგრძელეს მოღვაწეობა და ხშირ შემთხვევაში, სამწუხაროდ, ჩვენს პარტნიორებთან სხვადასხვა პერიოდულობით გარკვეულ წარმატებებსაც აღწევდნენ“.
რომან კაკულია ამბობს, რომ ახლა, როდესაც ქვეყანა შედის საარჩევნო პროცესში, საზოგადოებას მოუწევს იმსჯელოს არა მხოლოდ იმით, რასაც საუბრობენ ადამიანები, არამედ დაფიქრდნენ, თუ რა ალაპარაკებს ამ ადამიანებს და რა მოტივაციები დგას მათ უკან: „ერთი დღე არ გავჩერდები ისეთ პოლიტიკურ ძალაში, რომელშიც ეჭვი მეპარება, რომ ის არ არის ევროპული ორიენტაციის. მაგრამ ის შეფასებები, რითაც ფასდება პროევროპულობა, პროდასავლურობა, პრორუსულობა, ეს ბავშვური, მიამიტური, ხშირ შემთხვევაში მავნებლური განმარტებები ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს და სწორედ ამის დასაწყისი იყო სწორედ ის განცხადება, რაც დღეს ბატონმა გიამ (ვოლსკი) გააკეთა, რომელიც არის მთლიანად გუნდში მოფიქრებული პოზიციის გამოვლინება. მხარს ვუჭერ მას ბოლომდე და მინდა, ასევე, საზოგადოებამ გაიგოს, რომ მხოლოდ პასუხისმგებლიანი, საბოლოოდ შედეგზე და არა მიზნებზე მოქადაგე პოლიტიკური ძალა შეიძლება იყოს ქვეყნის სათავეში, რომელიც ყველა სცენარით საბოლოო შედეგზე პასუხს აგებს“, – განაცხადა რომან კაკულიამ.
მისი თქმით, რუსეთისაგან მომავალი საფრთხეების გაანალიზება არის ვალდებულება შვილების, მომავალი თაობების წინაშე, რომელთაც მხოლოდ ევროპული მომავალი წარმოუდგენიათ თავის მომავლად:
„ამიტომ ნებისმიერი საფრთხე, რომელმაც შეიძლება ბარიერი შეუქმნას ჩვენი ქვეყნის ევროპაში ინტეგრაციას, რომელიც გადის ევროპაში ეკონომიკურ ინტეგრაციაზე, რომელიც გადის იმ გრძელვადიან სტაბილურობაზე, რომელშიც შესაძლებელია, მიღებული იქნას ის რესურსები, რომელმაც შესაძლოა გახადოს ჩვენი რეალობა ევროპაში ინტეგრაციისა, ნებისმიერი პროცესი, რომელიც ამასთან წინააღმდეგობაში მოდის, არის ხელოვნური პროცესი და ამის ეჭვის საფუძველი არსებობს, იმიტომ, რომ წინა ხელისუფლებაში, სამწუხაროდ, შეიძლება ყველაზე არ ვთქვა, მაგრამ იყვნენ ადამიანები, რომელთა პოლიტიკაც იყო – ჩვენ თუ არ ვიქნებით ხელისუფლებაში, წყალსაც წაუღია მთელი ქვეყანა! რადგან ეს გამოცდილება არსებობს, ეს ზრდის იმ ეჭვებს, რომ მიზანმიმართულია ყველა ის ქმედება, რომელმაც დესტაბილიზაცია უნდა მოიტანოს ამ ქვეყანაში“.
რომან კაკულიას თქმით, „ქართული ოცნებაში“ ნამდვილად არის ყველა რესურსი, რომ ჩვენს საზოგადოებას და განსაკუთრებით ახალგაზრდობას, დავანახოთ რას ნიშნავს რეალურად პროევროპულობა. მან თავის კომენტარში აქცენტი გააკეთა, ასევე, პოლიტიკური მოძრაობების სახელწოდებებზე, რომლებსაც ისინი ირქმევენ:
„სამწუხაროდ პრივატიზებულია ის ძალიან მნიშვნელოვანი სახელები, რომლებიც განასახიერებს ჩვენს მიზნებს. „ევროპული საქართველო“ – ამაზე დიდი იდეა დღეს საქართველოში არ არსებობს, მაგრამ ვინც ეს სახელი დაირქვა, ისინი რამდენად განასახიერებენ ამას, იმედია, არჩევნებში საზოგადოება თვითონ გააკეთებს ამ დასკვნას. ვიღაცა „პატრიოტია“, ისინიც რამდენად არიან ამის განმახორციელებელი, საზოგადოებამ უნდა გააკეთოს დასკვნა და მივესალმები ამ პროცესს – ყველაფრისათვის საკუთარი სახელის დარქმევას და ხანგრძლივი, ძალიან დიდი ფესვების მქონე ტყუილის დამთავრებას იმასთან დაკავშირებით, თუ რას ნიშნავს პროევროპულობა და რას ნიშნავს პრორუსულობა“,- განაცხადა კაკულიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები