თამარ ხულორდავა – „ჩვენ დავდივართ ბეწვის ხიდზე და პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფლება თვლის, რომ ამ გზაზე დამატებითი დაბრკოლებების შექმნა, საჭირო არ არის”
ჩვენ დავდივართ ბეწვის ხიდზე და პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფლება თვლის, რომ ამ გზაზე დამატებითი დაბრკოლებების შექმნა, საჭირო არ არის, – აღნიშნული განცხადება თამარ ხულორდავამ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, სადაც „ევროპული საქართველოს” მიერ წარმოდგენილ„საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალიზაციის თაობაზე” საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს განიხილავდნენ.
„ჩვენი მიზანი და ჩვენი პირველი ამოსავალი წერტილი არის ის, რომ ჩვენი საზოგადოების ინტერესები იყოს მაქსიმალურად დაცული და უზრუნველყოფილი. ჩვენი საზოგადოების ინტერესი კი, გახლავთ ამ ქვეყნის შემდგომი პროგრესი და განვითარება. სწორედ, ეს პროგრესი და განვითარება არის ის წინაპირობა, რომელიც აუცილებლად გახდება ჩვენი, მათ შორის, საგარეო მიზნების განხორციელების გარანტი. ამ გზაზე ჩვენ ისედაც დავდივართ ბეწვის ხიდზე. ძალიან რთული ურთიერთობები გვაქვს არაპროგნოზირებად და აგრესიულ მეზობელთან, და პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფლება თვლის, რომ ამ გზაზე დამატებითი დაბრკოლებების შექმნა, საჭირო არ არის. ეს გახლავთ ჩვენი ცივილიზებული პოზიცია. ჩვენ ვთვლით რომ ეს ქმედებები, ეს პოლიტიკური ნაბიჯი შედეგს არ მოგვიტანს, იქნება მხოლოდ დეკლარაციული ხასიათის განცხადება. ჩვენ გვირჩევნია ჩვენი ძალისხმევის ფოკუსირება გავაკეთოთ სწორედ შედეგებზე, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ რუსეთმა გადაიხადოს კონკრეტული ფასი იმ აგრესიული ქმედებებისთვის, რომელსაც საქართველოს მიმართ ახორციელებს და ეს ფასი არ გადაიხადოს ჩვენმა საზოგადოებამ და ჩვენმა მოსახლეობამ”, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება ისედაც ძალიან აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით. „ერთ-ერთი ინიციატივაა, რომელიც სწორედ ამ საკითხს ეხმიანება გახლავთ ის, რომ ჩვენ მივმართეთ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს, იმასთან დაკავშირებით, რომ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების განხორციელების საკითხებზე სპეციალური მოსმენა და დებატები გაიმართოს. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ევროკავშირის მხრიდან სწორედ ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას და რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხი უფრო მაღალ დონეზე განისაზღვროს”, განაცხადა თამარ ხულორდავამ.
ამასთან, როგორც ხულორდავამ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია ამ მიმართულებით მთავრობას აქტიურობას უწუნებს, ფაქტები სხვას მეტყველებს.
„შევადაროთ ერთმანეთს ის ქმედებები, განცხადებები, კონკრეტული ნაბიჯები, რაც ამ ბოლო პერიოდში იქნა მიღებული და ის ნაბიჯები, რომელიც უშუალოდ, კონფლიქტის შემდეგ, 2008 წლიდან 2012 წლამდე იქნა გადადგმული საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების მიერ. ამ საკითხზე თქვენი დავა წაგებულია. თუ შევადარებთ კონკრეტულ ქმედებებს, კონკრეტულ ნაბიჯებს, კონკრეტულ სანქციებს, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, რომელიც აქამდე არასოდეს ყოფილა გამოყენებული, სწორედ ჩვენი აქტიურობის, ძალისხმევის შედეგია, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში, კონკრეტული სანქციები გვაქვს შეერთებული შტატების მხრიდან და ასევე, მივესალმები თანამშრომლობას, რომელიც გულისხმობს კონკრეტული პირების მიმართ ინდივიდუალური სანქციების დაწესებას, რაც ჩვენი ერთობლივი მხარდაჭერილი რეზოლუციის შესაბამისად კეთდება და ამაზეც ძალისხმევის ნაკლებობა ნამდვილად არ არის და რაიმე დამატებითი შემოძახილი აღმასრულებელ ხელისუფლებას ნამდვილად არ სჭირდება”, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.
მე გთავაზობთ მიიღოთ ჩვენი პოზიცია როგორც პოზიცია და გავაგრძელოთ მუშაობა საქმით და არ განცხადებებით, რომელიც მხოლოდ რაღაც პოლიტიკური ჯგუფის პიარს ემსახურება და არა საქმეს.