სამშვილდის ნაქალაქარის ისტორიის დღემდე უცნობი დეტალები აღმოაჩინეს

 2019 წელს ჩატარდა სამშვილდის ნაქალაქარის რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც სიძველეთა დაცვისა და შესწავლის ცენტრმა „თრიალეთმა“ განახორციელა გოდერძი ნარიმანაშვილის ხელმძღვანელობით.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამუშაოების შედეგად გამოვლინდა სამშვილდის ნაქალაქარის ისტორიის დღემდე უცნობი დეტალები – თავდაცვითი კედლის III რიგის კედელი, ქალაქის წყალმომარაგების სისტემის ერთი მონაკვეთი, შიდა ციხის ტერიტორიაზე გამოვლინდა სამეურნეო კომპლექსის ერთი, მნიშვნელოვანი ნაწილი.
გათხრების შედეგად გამოვლინდა მრავალი არტეფაქტი, რომელთა უმრავლესობა განვითარებულ შუა საუკუნეებს (XI – XIII სს) განეკუთვნება. მნიშვნელოვანია, რომ დაფიქსირდა თიხის ჭურჭლების ფრაგმენტები, რომლებიც შუა და გვიანი ბრინჯაოს ხანებს განეკუთვება.
XX საუკუნის 70-იან წლებში დაისახა სამშვილდის კომპლექსური კვლევის და დაცვის პროგრამა. 1979 წელს შემუშავდა სამშვილდის ნაქალაქარის დაცვის პროექტი, რომელიც სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებთან ერთად ძეგლის გაწმენდას და რესტავრაციას ითვალისწინებდა. პროექტის მიხედვით ჩატარდა კიდეც ძეგლის გაწმენდა, შესრულდა მცირე სარესტავრაციო სამუშაოები. 1978-1987 წწ. ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის სპელეისტიკის ლაბორატორიის ქცია-ხრამის ხეობის ისტორიულ-არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, რომელსაც 1985 წლიდან ქვემო ქართლის კლდის ძეგლთა შემსწავლელი ექსპედიცია ეწოდა, სამშვილდის მიდამოებში, მდ. ქციისა და ჭივჭავას ხეობებში, დაზვერვების შედეგად, გამოავლინა გამოქვაბულთა კომპლექსები, რომელთაგან ზოგიერთი არქეოლოგიურად იქნა შესწავლილი. 2012 წლიდან სამშვილდის ნაქალაქარის ტერიტორიაზე არქეოლოგიურ გათხრებს აწარმოებს საქართველოს უნივერსიტეტის არქეოლოგიური ექსპედიცია.
2018 წლიდან არქეოლოგიური სამუშაოები დაიწყო სიძველეთა დაცვისა და შესწავლის ცენტრმა – „თრიალეთმა“. სამუშაოები განხორციელდა, 2017 წლის 10 დეკემბერს, სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და შპს „RMG გოლდ“-ს შორის გაფორმებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, პოპულარიზაციის და მოვლა-პატრონობის მიზნით ურთიერთთნამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე.
2019 წელს სამშვილდის ნაქალაქარზე არქეოლოგიური სამუშაოები წარიმართა იგივე ხელშეკრულების საფუძველზე. საველე და ლაბორატორიული სამუშაოები შეასრულა კომპანიამ სიძველეთა დაცვისა და შესწავლის ცენტრმა – „თრიალეთმა“.
სამშვილდის ნაქალაქარი კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი გამორჩეული ძეგლია. ნაქალაქარი მდებარეობს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფ. სამშვილდის მიდამოებში. ქალაქი გაშენებული ყოფილა მდ. ქცია/ხრამისა და მდ. ჭივჭავას ხერთვისში არსებულ, წაგრძელებული ფორმის, მაღალ კონცხზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები