“ჩვენი ძირითადი პრინციპი იქნება ეფექტიანობა, ქმედითი ღონისძიებები, რათა შევუმსუბუქოთ ჩვენს მოქალაქეს საკმაოდ მძიმე ყოფა”
“ჩვენი ძირითადი პრინციპი იქნება ეფექტიანობა, ქმედითი ღონისძიებები, რათა შევუმსუბუქოთ ჩვენს მოქალაქეს საკმაოდ მძიმე ყოფა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც დღეს კანონმდებლები სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადებაზე მსჯელობენ.
მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი გონივრული ვადა იქნება.
“შეუძლებელია, არ ვუთხრათ ჩვენს მოქალაქეს, რას ვაკეთებთ, რა გეგმა გვაქვს და როდის იქნება შესრულებული. ასევე, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრინციპი – ეს იქნება კეთილსინდისიერება. უნდა გვესმოდეს, რომ ეფექტურობა გონივრულ ვადაში და კეთილსინდისიერება იქნება ძირითადი პრინციპი. კეთილსინდისიერებასთან ბმაში, მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ყველა სახის კორუფციასთან ბრძოლა იქნება პრიორიტეტი ჩვენი მთავრობისთვის. ეს არ არის გასაკვირი, რადგან ჩვენს მსგავს გარდამავალ ეკონომიკებში სუსტი ინსტიტუტებით კორუფციასთან ბრძოლა უნდა იყოს მუდმივი პროცესი და ეს პრიორიტეტი ყოველდღიურად უნდა იდგეს ჩვენ წინაშე. შესაბამისად, ჩვენი მიზანი იქნება ეფექტური, გონიერი, სამართლიანი და რაც მთავარია, კეთილსინდისიერი ბიუროკრატია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.