გიორგი გახარია განათლების რეფორმაზე: ის გეგმა, რაც იყო შემუშავებული, შესრულდება მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტურად
გიორგი გახარია „ქართული ოცნების” დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს. ერთ-ერთი საკითხი განათლების სისტემაში დაწყებულ რეფორმებს შეეხო. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის თქმით, ამ სფეროში რეფორმა გაგრძელდება და იქნება ეფექტურად შესრულებული.
„ერთმნიშვნელოვნად უნდა ვიცოდეთ, რომ განათლების რეფორმა – ეს არ არის ერთი, ან ორი ადამიანის გადაწყვეტილება, ეს იყო გუნდის გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ეს რეფორმა გაგრძელდება, ეს არის სისტემური ცვლილება ქვეყნის სოციალურ ქსოვილში და ამიტომ ის ვალდებულებები, რაც იყო აღებული, გაგრძელდება, იქნება ეფექტურად შესრულებული. ჩვენ შეგვიძლია ვიმუშაოთ იმაზე, რომ ეს შედეგები დავაყენოთ ცოტა უფრო ადრე. ეს არის და ეს.
რა თქმა უნდა, ის ყველაფერი, რაც განათლების რეფორმაზე ითქვა და იყო დაგეგმილი, არის სრულად გააზრებული. ეს მართლაც არის განათლების სისტემის სისტემური განახლება, საშუალო განათლებაზე კონცენტრაციით, რაც პირველ ნაბიჯებში გამოიხატა, იმ სფეროზე, სადაც ათწლეულები საერთოდ არაფერი არ მომხდარა. თუმცა მიდგომის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი – სისტემურობა გამოიხატება იმაში, რომ ის მიზნად ისახავს შეეხოს განათლების მთელ სისტემას. ამ ნაწილში მინდა დაგარწმუნოთ, რომ ყველა ის გეგმა, რაც იყო შემუშავებული, შესრულდება მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტურად.
რაც შეეხება სკოლამდელი საგანმანათლებლო სისტემის სოციალურ ნაწილს და იქ ცვლილებებს, მე როგორც ვიცი, ეს თვითონ მთლიანად რეფორმის ნაწილია”,-განაცხადა გიორგი გახარიამ.