გიორგი გახარია: თითოეული ლარი, რომელსაც სახელმწიფო ხარჯავს ანაკლიის პროექტში, არის თითოეული ჩვენი მოქალაქის შენატანი ამ პროექტის განხორციელებაში

გიორგი გახარიამ პარლამენტში ანაკლიის პროექტის შესახებაც ისაუბრა. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ხაზი გაუსვა, რომ ზოგადად, ლოგისტიკა და სატრანსპორტო-სატვირთო ინფრასტრუქტურის განვითარება კრიტიკულად მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. ამიტომ მისი თქმით, ანაკლიის პროექტი სახელმწიფოსთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია.

“სახელმწიფო ამას ყველაფერს ადასტურებს თავისი ქმედებებით. ყველას კარგად გვახსოვს, რომ ანაკლიის პორტი არის ერთადერთი კომერციული პროექტი, რომელიც მოხვდა საქართველოს კონსტიტუციაში. შეუძლებელია სახელმწიფომ სხვა უფრო მაღალი დონის შეფასება მისცეს პროექტს და მის მნიშვნელობას ქვეყნისთვის”,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

მან ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ანაკლიის პროექტი, მისი კომერციული კომპონენტის მიუხედავად, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობისაა.

“არ შეიძლება, რომ პროექტზე საუბრისას, საკუთრების უფლება გაუჩნდეს ვიღაცას – ეს პროექტი არის ქვეყნის, ეს პროექტი არის სახელმწიფოსი და ეს პროექტი არის თითოეული მოქალაქის. უნდა გვესმოდეს ყველას, რომ ის თითოეული ლარი, რომელსაც სახელმწიფო ხარჯავს ამ პროექტში – და სახელმწიფოს უკვე ასობით მილიონი ლარი აქვს დახარჯული – ეს არის თითოეული ჩვენი მოქალაქის შენატანი ამ პროექტის განხორციელებაში. ასევე, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ამით და ყველა იმ ნაბიჯით, რასაც აკეთებს, სახელმწიფო იძენს უფლებას, მოითხოვს კერძო მესაკუთრეებისგან და კერძო პარტნიორებისგან თავიანთი ვალდებულებების შესრულება, ასევე მკაფიოდ, შესაბამის ვადებში და ხარისხიანად, ეს არის და ეს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები