ნიკოლოზ ალავიძემ ინოვაციების და ტექნოლოგიების ბანაკის გახსნაში მონაწილეობა მიიღო
ბათუმში, ქართულ-ამერიკულ სკოლაში ინოვაციების და ტექნოლოგიების ბანაკი გაიხსნა, სადაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 100 (მე-10, მე-11, მე-12 კლასი) სკოლის მოსწავლე ტექნოლოგიებისა და მეწარმეობის მიმართულებით საწყის ცოდნას დაეუფლება. ბანაკის ორგანიზატორების განცხადებით, ეს მოსწავლეებს STEAM მიმართულებით კარიერის არჩევაში დაეხმარებათ.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბანაკის გახსნის ღონისძიებას დღეს ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძე, აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი თორნიკე რიჟვაძე, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.
სიტყვით გამოსვლისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მსგავსი სასწავლო პროგრამების მნიშვნელობაზე მომავალი თაობისთვის. მისი თქმით, ბანაკის ჩატარების მიზანია, მოსწავლეებმა ტექნოლოგიებსა და მეწარმეობაში საწყისი ცოდნა მიიღონ. ნიკოლოზ ალავიძის განცხადებით, ასეთ ღონისძიებებს ექნება რეგულარული ხასიათი, რადგან მთავრობის დეკლარირებული პოლიტიკაა განათლების განსაკუთრებული ხელშეწყობა და სახელმწიფო ძალიან აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით.
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის, ავთანდილ კასრაძის ინფორმაციით, 7 დღის განმავლობაში მოსწავლეები იმუშავებენ პროგრამირებაზე, მოისმენენ სამეცნიერო-პოპულარულ ლექციებს ხელოვნურ ინტელექტზე, რობოტიქსზე, ასევე ბიოქიმიასა და ასტროფიზიკაზე, გაეცნობიან სამეწარმეო და სტარტაპმიდგომებს თანამედროვე ტექნოლოგიებში და ჩაატარებენ სახალისო სამეცნიერო ექსპერიმენტებს. მისივე თქმით, ბანაკში მონაწილეობა უფასოა, მონაწილეები შეირჩევიან STEAM მიმართულებით მათი გამოცდილებისა და მოტივაციის საფუძველზე. ბანაკში სრულად უზრუნველყოფილია ტრანსპორტირება, კვება, განთავსება და ბანაკის პროგრამული ნაწილი.
ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ორგანიზებულ პროექტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს.