ირაკლი ანთაძე: „ქართული სახელმწიფო თავად წყვეტს, სად განალაგებს საპოლიციო ძალების პოსტებს“

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის ირაკლი ანთაძის განცხადებით, ქართული სახელმწიფო წყვეტს, სად განალაგოს საპოლიციო ძალების პოსტები, ოსური მხარის ულტიმატუმი კი წარმოუდგენელ, ცინიზმით გაჯერებულ აბსურდს შეიცავს.
ამის შესახებ ანთაძემ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრის ჩაშლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ცალსახად დავაფიქსირეთ პოზიცია, რომ სოფელ ჩორჩანასთან საგუშაგო მდებარეობს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მერი კონტროლირებად ტერიტორიაზე. ასე იყო ყოველთვის და ასეა ახლაც, შესაბამისად, ნებისმიერი სახის ულტიმატუმი, თუ სად განალაგოს საქართველომ საკუთარი პოლიციური ძალები არის წარმოუდგენელი, შეიცავს ცინიზმით გაჯერებულ აბსურდს და ნებისმიერი გართულების შემთხვევაში სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება რუსეთს. პოსტი მდებარეობს ჩვენს ტერიტორიაზე და ქართული სახელმწიფო წყვეტს, სად განალაგებს საპოლიციო ძალების პოსტები“,- განაცხადა ანთაძემ.
მისი თქმით, სოფელ ჩორჩანასთან განლაგდა სტანდარტული საპოლიციო პოსტი, პირადი შემადგენლობითა და სტანდარტული აღჭურვილობით და მისი მიზანია ადგილზე უსაფრთხოების გარემოს უზრუნველყოფა.
რაც შეეხება პერევთან განლაგებულ პოსტს, ანთაძე განმარტავს, რომ ამის შესახებ ჯერ კიდევ 2018 წელს იყო ყველა მხარე ინფორმირებული, ჯერ კიდევ 2018 წლის მაისში.
„აქ საუბარია პოსტის გარკვეული მანძილით გადატანაზე, მაგრამ ამას აქვს კონკრეტული დანიშნულება. პერევის გადასასვლელი გახლავთ საფეხმავლო და რთული რელიეფური პირობების გამო ადგილობრივ მოსახლეობას უჭირდა გადაადგილება. ამ პოსტის გადატანის შემთხვევაში ეს მანძილი არსებითად შემოკლდება და მოსახლეობას ქვეითად გადაადგილების დროს მიეცემათ გარკვეული შეღავათი. ეს არის პერევში პოსტის რამდენიმე მეტრით გადმოწევის მიზანი“,-განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები