ირაკლი ანთაძე: „ცხინვალის წარმომადგენლებმა უკიდურესად დესტრუქციული პოზიცია დაიჭირეს და ულტიმატუმი რამდენჯერმე დააყენეს“
სახელმწიფო უსაფრთხოების ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ირაკლი ანთაძის განცხადებით, ერგნეთის შეხვედრაზე ცხინვალის წარმომადგენლებმა, საოკუპაციო ძალების მხარდაჭერით, უკიდურესად დესტრუქციული პოზიცია დაიჭირეს, შეხვედრა კიდევ ერთხელ ჩაშალეს.
ამის შესახებ ანთაძემ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრის ჩაშლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„შეხვედრა დაიწყო უსაფრთხოების გარემოს მიმოხილვით, რაზედაც განიხილებოდა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული პროვოკაციული ქმედებები. საკითხის განხილვისას ცხინვალის წარმომადგენლებმა, საოკუპაციო ძალების მხარდაჭერით, დაიჭირეს უკიდურესად დესტრუქციული პოზიცია, რამდენჯერმე დააყენეს ულტიმატუმი და დაემუქრნენ ფორმატის ფუნქციონირების ჩაშლით, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდებოდა.
ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან ხაზგასმით დაფიქსირდა პოზიცია, რომ ერგნეთის შეხვედრები არ არის ის ფორმატი, რომელშიც მისაღებია ულტიმატუმის ენით საუბარი და ნებისმიერი საკითხის დიალოგის გზით განხილვა შესაძლებელია.
სამწუხაროდ, ცენტრალური ხელისუფლების მიერ გაჟღერებული კონსტრუქციული წინადადებები არ გაიზიარეს და შეხვედრა მორიგჯერ ჩაშალეს“,-აღნიშნა ანთაძემ.