ირაკლი ანთაძე: „ჩორჩანაში ადგილი აქვს დაძაბულობის ხელოვნური ესკალაციის მცდელობას“
სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ირაკლი ანთაძის შეფასებით, სოფელ ჩორჩანაში საოკუპაციო ძალების სამხედრო ტექნიკის გადაადგილების მიზანი დაძაბულობის ხელოვნური ესკალაციის შექმნაა. ამის შესახებ ანთაძემ სოფელ ერგნეთთან განაცხადა, სადაც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის მორიგი შეხვედრა უკვე დაიწყო. „ჩორჩანაში იყო სამხედრო ტექნიკის გადაადგილება. ჩორჩანაში ადგილი აქვს მცდელობას, ხელოვნურად მოხდეს დაძაბულობის ესკალაცია. ეს არის უკიდურესად სახიფათო და პროვოკაციული ქმედება და ამ საკითხს მთელი სიმწვავით გავაჟღერებთ დღევანდელ შეხვედრაზე“,- აღნიშნა ანთაძემ. ირაკლი ანთაძემ შეხვედრაზე განსახილველ საკითხებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღის წესრიგით 10 საკითხის განხილვაა დაგეგმილი. „განვიხილავთ ოკუპირებულ რეგიონსა და მიმდებარე ტერიტორიებზე დაფიქსირებულ ყველა მნიშვნელოვან ინციდენტს, რომლებიც საფრთხეს უქმნის უსაფრთხოების გარემოს. სამწუხაროდ, მოცემულ პერიოდში საოკუპაციო ძალების სახიფათო და დესტრუქციული ქმედებების შედეგად დაგროვდა არაერთი აღმაშფოთებელი ინციდენტი, რასაც მთელი სიმწვავით გავაჟღერებთ დღევანდელ შეხვედრაზე. ვგულისხმობ, მაგალითად, გუგუტიანთკარში განხორციელებულ უკანონო ბორდერიზაციას, რა დროსაც ადგილობრივ მკვიდრ მოსახლეობას საოკუპაციო ძალებმა პირდაპირ ეზოში აღუმართეს ე.წ. უკანონო ხელოვნური ბარიერები. ასევე მწვავედ გავაპროტესტებთ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ საოკუპაციო ძალების პროვოკაციულ ქმედებებს, რაც დაძაბულობის ესკალაციის ხელოვნურ მცდელობას წარმოადგენს. ვისაუბრებთ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ დაკავების ფაქტებზე. ასევე მთელი სიმძაფრით დადგება ოკუპირებულ ქართულ სოფელში ერედვში საოკუპაციო ძალების მიერ განდევნილი ადგილობრივი ქართული სახელობის კუთვნილი სახლების დანგრევისა და მათ ადგილზე ნაგავსაყრელის მოწყობის საკითხი. ამ მწვავე დღის წესრიგის პარალელურად, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა არჩილ ტატუნაშვილის წამებისა და მკვლელობის ფაქტს“,-აღნიშნა ირაკლი ანთაძემ.