ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები განცხადებას ავრცელებენ
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები სოფელ გუგუტიანთკარში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანებიან. „გუგუტიანთკარში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ადგილზე ვითარება გაამწვავა და ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის ჰუმანიტარული შედეგები გამოიწვია. ყველა ამგვარი მავთულხლართები, ახლად აღმართული სტრუქტურები აფერხებს ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებას, ურთულებს მათ ბაღებისადმი წვდომას და ემუქრება სარწყავი სისტემისადმი წვდომას“, – ნათქვამია განცხადებაში, წერს 1 tv.ge. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების ვიზიტი არის ძალისხმევის გაგრძელების ნაწილი ამ და სხვა მოვლენებზე რეაგირებისათვის, 29 აგვისტოს ერგნეთში დაგეგმილი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრის წინ. ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების განცხადებით, ისინი გააგრძელებენ ყველა შესაბამის მხარესთან კონტაქტს, რათა მათი ყურადღება მიაპყრონ ამ და სხვა საკითხებს და მოუწოდონ კომუნიკაციის ყველა არსებული მექანიზმის გამოყენებისკენ, მიმდინარე და სხვა პრობლემების გადასაჭრელად.