ქეთევან ციხელაშვილი: რუსეთი ახდენს დემონსტრირებას, რომ მისთვის საერთაშორისო თანამეგობრობის აზრს დიდი მნიშვნელობა არ გააჩნია

0

“ჩვენთვის დიპლომატიური ძალისხმევის არ მოდუნება და ძალიან აქტიური ნაბიჯების გადადგმა მნიშვნელოვანია გრძელვადიან და საშუალოვადიან პერსპექტივაში, რათა არა მხოლოდ ეს ეპიზოდი, არამედ, ზოგადად, ოკუპაციის პროცესი შევაჩეროთ”, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა გუგუტიანთკარში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთი თავისი ქმედებით აჩვენებს იმას, რომ მისთვის საერთაშორისო თანამეგობრობის აზრი უმნიშვნელოა.
„ვხედავთ, რომ არის ძალიან მკაფიო გამოხმაურებები ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. ძალიან მნიშვნელოვანია, თუნდაც იმ დროს, როდესაც, რეალურად, რუსეთი კვლავ განაგრძობს უკანონო ოკუპაციის გამოვლინებას – ვგულისხმობ მახინჯი ბარიკადების მშენებლობას გუგუტიანთკარში. ერთი მხრივ, ამით ახდენს დემონსტრირებას, რომ მისთვის საერთაშორისო თანამეგობრობის აზრს არ გააჩნია დიდი მნიშვნელობა.
წლების განმავლობაში ღია ოკუპაციის პირობებში ვცხოვრობთ, ამჯერადაც აგვისტოს თვე, როგორც ჩანს, რუსეთისთვის ის თვეა, როდესაც ფიქრობს, რომ მოდუნებულია საერთაშორისო ყურადღება, თუმცა ჩვენ ვნახეთ, რომ ეს ასე არ არის. ვხედავთ, რომ არის უკანონო დაკავებები, არის გადაადგილების შეზღუდვის სხვადახხვა ეპიზოდი, იგივე დროებით ე.წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვა და ა.შ. რუსეთი აამოქმედებს ყველა იმ ინსტრუმენტს, რაც ხელთ აქვს, უკვე ვიცით რა ინსტრუმენტებია ეს მიმდინარე ოკუპაციის პირობებში“, -აღნიშნა მინისტრმა.
მისივე ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საქართველოს ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი და, ამავდროულად, ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე, ტოივო კლაარი ეწვევა, რომელიც, სავარაუდოდ, სიტუაციას ადგილზეც გაეცნობა.
ქეთევან ციხელაშვილის თქმით, განგრძობადი ოკუპაციის საკითხი 29 აგვისტოს ჩანიშნულ ინციდენტების მართვისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრაზეც დაისმება.

კომენტარები

კომენტარი