ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები თიანეთის სოფლებს ესტუმრნენ და მოსახლეობას შეხვდნენ

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე და მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, თიანეთის მუნიციპალიტეტში – დაბა სიონის, სიმონიანთხევისა და ღულელების მცხოვრებლებს შეხვდნენ.
მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობის საჭიროებებს დეტალურად გაეცნენ, მიმდინარე და შესრულებული სამუშაოების შედეგები შეაფასეს და სამომავლოდ განსახორციელებელ პროექტებზე იმსჯელეს.
თიანეთის მუნიციპალიტეტში, მიმდინარე წელს, ინფრასტრუქტურული სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. დასრულების ეტაპზეა საბავშვო ბაღის მშენებლობა სიმონიანთხევში. რეაბილიტაცია ჩაუტარდა საბავშვო ბაღს სოფელ ღულელებში. ასევე, რეაბილიტაცია უტარდება დაბა სიონის, სიმონიანთხევისა და ღულელების საჯარო სკოლებს. მიმდინარეობს ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის მოწყობა ღულელებში.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, უახლოეს პერიოდში დაიწყება სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია სიმონიანთხევის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ გორანაში. ადგილობრივები „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეღავათებითაც სარგებლობენ.
თიანეთის მცხოვრებლებმა მათთვის პრიორიტეტულ საკითხებს შორის შიდა გზების მოწყობა, წყალმომარაგების გაუმჯობესება და სოფლების გაზიფიცირება დაასახელეს და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. ასევე, მიიღეს ინფორმაცია სახელმწიფოს მიერ განხორციელებული მიზნობრივი პროგრამებისა და პროექტების შესახებ.

მცხეთა-მთიანეთში, საკანონმდებლო და აღმასრულებელი სახელისუფლებო შტოს წარმომადგენლებისა და ადგილობრივი ხელისუფლების კომუნიკაცია მოსახლეობასთან სულ უფრო აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. შეხვედრები უკვე შედგა ყაზბეგის, მცხეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტების მცხოვრებლებთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები