მაია ცქიტიშვილი: მოსახლეობასთან ღია შეხვედრებზე შეგროვილ ინფორმაციას სოფლის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების შემუშავებისას გავითვალისწინებთ

„გრძელდება ადგილობრივი თვითმმართველობის, პარლამენტისა და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების ღია შეხვედრები მოსახლეობასთან – ეს არის „ქართული ოცნების“ ინიციატივა“, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლების – არალის, ბოლაჯარისა და მოხეს მოსახლეობასთან შეხვედრების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლების მოსახლეობასთან შეხვედრები ყველა რეგიონში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ადგილობრივმა მოსახლეობამ მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები დააყენა, მელიორაციასთან, წყლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასთან, ბუნებრივი აირით და შეშით მომარაგებასთან დაკავშირებით. სოფლის მცხოვრებლები სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკური აქტივობის ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამებითაც დაინტერესდნენ .

„თქვენ იცით, რომ ასეთი შეხვედრებით ვგეგმავთ მომავალი წლის ბიუჯეტს, რომელიც გაითვალისწინებს მოსახლეობის საჭიროებებს. გარდა ამისა, მოსახლეობასთან შეხვედრების შედეგად შეჯამებულ ინფორმაციას დავამუშავებთ, სოფლის საჭიროებებზე მორგებული სხვადასხვა ტიპის პროგრამის შემუშავებისას“,- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

სოფლის მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრას სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ადიგენის მერი ზაქარია ენდელაძე, ადიგენისა და ახალციხის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძე, ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი სიმონ ნოზაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მოსახლეობის საჭიროებების დადგენის მიზნით, ღია შეხვედრები ხალხთან კიდევ უფრო აქტიური გახდება და მთავრობისა და პარლამენტის წევრების ჩართულობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები