ხაჯიმბა თბილისის მხრიდან ეკონომიკურ მხარდაჭერაზე: არავინ უარყოფს ასეთ შესაძლებლობას

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას განცხადებით, თბილისი გარკვეულ პირობებს ქმნის, რომ მოხდეს აფხაზების ინტეგრაცია ქართულ საზოგადოებაში. ამის მაგალითად ხაჯიმბამ იგივე სამედიცინო პროგრამები და განათლება მოიყვანა.
ამასთან, ხაჯიმბა აღიარებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე სამედიცინო კუთხით პრობლემები არსებობს, თუმცა ამბობს, რომ რუსეთთან ერთობლივი პროგრამის განხორციელებით მოხდება კარგი სამედიცინო ბაზის შექმნა.
„სწორი იქნებოდა აღვნიშნოთ, რომ ცხოვრება ერთ ადგილას არ დგას. დიახ, ქართული მხარე გარკვეულ მეთოდებს იყენებს, ქმნის ე.წ. პროგრამებს, რომ ჩვენი მოქალაქეების ჩართვა მოახდინოს პროცესებში, იქნება ეს განათლება, მედიცინა, რაღაცა პროექტების კრედიტირება, მაგრამ ეს არის მეთოდები, რომ ჩვენი ინტეგრაცია მოახდინონ ქართულ საზოგადოებაში. ეს ჩვენს ხალხს უნდა ესმოდეს. დიახ, გვაქვს გარკვეული სირთულეები, იგივე მედიცინაში, მაგრამ ჩვენი მედიცინა ქართულს არ ჩამორჩება, გვყავს კარგი ექიმები. დიახ, გვაქვს გარკვეული საბაზისო პრობლემები, მაგრამ ბევრი რამე უკვე გაკეთდა. ყველაფერი კეთდება, რომ ამ სფეროში ცვლილებები მოხდეს. რუსეთთან ურთიერთობაში განვიხილავთ თემას, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, შეიქმნას შესაბამისი სამედიცინო პირობები სწორედ ჩვენს ტერიტორიაზე. საუბარია იგივე კარდიოლოგიური, მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის შექმნაზე. ყველაფერი მარტივად არ ხდება, მაგრამ ეს ის თემაა, რომელიც განვითარებადია და მხარდაჭერა უნდა ჰპოვოს მოსახლეობის მხრიდან. უნდა გვესმოდეს, რომ სხვა გზა არ გვაქვს და მივიჩნევ, რომ ეს იქნება ეფექტური და სასარგებლო მეთოდი, თუნდაც ამ მიმართულებით“, – განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტმა ადგილობრივი მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში.
რაც შეეხება კითხვას, არის თუ არა მზად სოხუმი, თბილისისგან ეკონომიკური მხარდაჭერა მიიღოს – ხაჯიმბა ამბობს, რომ საუბარი რაიმე ეკონომიკურ ურთიერთობაზე არც მიდის.
„დიახ, გვაქვს კონტაქტები, ხალხი დადის, ყიდულობენ საჭირო ნივთებს ოჯახისთვის, ზოგჯერ კომერციული მიზნებისთვისაც. არავინ უარყოფს ასეთ შესაძლებლობას. ვიცით ისტორიიდან ბევრი მაგალითი, იგივე, რუსეთისა და იაპონიის ურთიერთობა. დღემდე არ აქვთ შესაბამისი შეთანხმება, მაგრამ ეკონომიკური თემატიკა აქტიურად ვითარდება. არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩაკეტილი საზოგადოება ვართ, მაგრამ არსებობს პროცესები, რომელთა მოგვარებაა საჭირო საქართველო-აფხაზეთს შორის. ქართულმა მხარემ უნდა შეიგნოს, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა. თუ გვსურს ასეთი ურთიერთობა, ქართულმა მხარემაც უნდა მოინდომოს ამ საკითხების მოგვარება – ესმოდეს, რომ არსებობს დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელსაც თავისი ეკონომიკური ინტერესები აქვს, არ უნდა გვიშლიდნენ ხელს განვითარებაში, არ შექმნან წინაღობები. როდესაც რაღაცა საკითხი აფხაზეთისთვის მიღწევადი ხდება, ქართული მხარე მსოფლიო გასაგონად იწყებს ყვირილს, რომ „ეს არ შეიძლება!“, „ეს დაუშვებელია“, „არ უნდა შევიდნენ ინვესტიციები აფხაზეთში საქართველოს გვერდის ავლით“. თუმცა, ეჭვი არ მეპარება, რომ საქართველო მივა იმ დასკვნამდე, რომ საჭიროა ჩვენთან ურთიერთობის აწყობა – როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოსთან“, – განაცხადა რაულ ხაჯიმბამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები