ქეთევან ციხელაშვილი: ძალიან პრინციპული პოლიტიკით მოვახერხებთ, რომ მავთულხლართები მშვიდობიანი გზით დავშალოთ
ძალიან პრინციპული პოლიტიკით მოვახერხებთ, რომ მავთულხლართები მშვიდობიანი გზით დავშალოთ, – ამის შესახებ შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა 1tv.ge-ს განუცხადა.
სახელმწიფო მინისტრი საოკუპაციო ხაზთან მოსახლეობას შეხვდა და დაათვალიერა ადგილი, სადაც უკანონო ბორდერიზაცია მიდის.
„ეს არ არის ახალი მოვლენა, დღეს რაც ხდება გუგუტიანთკარში. უკანონო ბორდერიზაცია არის მორიგი მანიფესტი იმისა, რომ ცოცხალი საფრთხის პირობებში ვცხოვრობთ. ჩვენი ქვეყნის შუაგულში 100-ზე მეტი სოფელი სხვადასხვა ფორმით არის გახლეჩილი. სოფელში, სადაც უკვე გავლებულია მავთულხლართები, მეორე რიგის ბარიკადების მშენებლობა დამატებითი დაძაბულობის შექმნას ემსახურება. ჩემი ამოცანაა, რომ ადამიანების წინააღმდეგ მიმართული საოკუპაციო პოლიტიკის შედეგად გამოწვეული ზარალი, ზიანი დავადგინოთ და უფრო გავაძლიეროთ ამ მოსახლეობის გვერდში დგომა. ამ სოფელში, მიმდებარე სოფლებში სახელმწიფო მხოლოდ გააძლიერებს ადამიანების დახმარებას. ესაა ჩვენი პასუხი მავთულხლართების პოლიტიკაზე. ძალიან პრინციპული პოლიტიკით და ამ ადამიანების შეუპოვრობით ჩვენ მოვახერხებთ, რომ მავთულხლართები მშვიდობიანი გზით დავშალოთ“,- განაცხადა ციხელაშვილმა.
რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან, სოფელ გუგუტიანთკარსა და ოკუპირებულ სოფელ დისევს შორის რკინის ბოძების მონტაჟი დღეს დილიდან კვლავ განაახლეს.