სახალხო დამცველი სოფელ გუგუტიანთკარში იმყოფება
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოფელ გუგუტიანთკარში იმყოფება და მიმდინარე პროცესებს აკვირდება.
როგორც სოციალურ ქსელში სახალხო დამცველის გვერდზეა აღნიშნული, 2019 წლის 7 აგვისტოს სოფელ გუგუტიანთკართან საოკუპაციო ძალების მიერ ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესი დაიწყო, რომელიც დღემდე მიმდინარეობს.
სახალხო დამცველი მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, საერთაშორისო თანამეგობრობასთან მჭიდრო თანამშრომლობით, ქმედითი ნაბიჯები გადადგას, რათა თავიდან იქნას აცილებული მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების დაკარგვა, რაც იქ მცხოვრები მოსახლეობისთვის შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენს.
ასევე, სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცველ ორგანოებს, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილონ მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოების დასაცავად.
ფოტო: 1tv.ge