„ხშირად შემომთენებია“… – ვინ არის ლამაზი და ფერადი ნემსიყლაპიების ავტორი?

0

ხობის რაიონში დაიბადა. ბავშვობიდან მოსწონდა ექიმობა და სკოლის დასრულების შემდეგ პედიატრობა გადაწყვიტა. უყვარს ბავშვებთან ურთიერთობა… მუშაობს სკოლაში ექიმად. თავისუფალ დროს კი ხელნაკეთ სამკაულებს ქმნის… ხშირად მონაწილეობს სახალხო  დღესასწაულებზე მოწყობილ გამოფენაგაყიდვებში. – ექიმისა და ხელოვანის, ნათია სიგუას პერსონა.

 – დავიბადე ხობში. ძალიან ხშირად ავადვმყოფობდი და ხანგრძლივი ურთიერთობა მქონდა ექიმებთან. ალბათ ძალიან მომწონდა ექიმები, რადგან ბავშვობიდან მინდოდა ექიმობა. სკოლის დამთავრების შემდეგ გადავწყვიტე პედიატრიულ ფაკულტეტზე ჩაბარება, რადგან ბავშვებთან ურთიერთობა ძალიან მომწონს.
– ხელსაქმე როდის დაიწყეთ?
– ხელსაქმე ბავშვობიდან მიყვარდა,მოგეხსენებათ, 90-იან წლებში ყველაფრის დეფიციტი იყო, ასევე ტანსაცმლის. ძველი ტანსაცმელებით ვცდილობდი ახლების შეკერვას, რათა განსხვავებული და კომფორტული სამოსი მქონოდა. მიყვარდა ბავშვის სამოსის შექმნა, განსაკუთრებით მომწონდა შარვლების შეკერვა. ასევე მომწონდა ძველი, გამოუსადეგარი ნივთებისთვის ახალი დანიშნულების (ახალი სიცოცხლის) მიცემა. ძველ, გადაგდებულ თოჯინებს ვაყენებდი სპეციალურ სამაგრზე ისე, რომ სიმაღლეში გაზრდილიყო, ვაცმევდი ატლასისა და მაქმანის კაბებს. ისე მოსწონდათ, რომ რამდენიმე გაიყიდა კიდეც.
საზეიმო ფორმებიც შემიკერავს ბავშვობაში, შემდეგ ქსოვით დავინტერესდი. საკმაოდ საინტერესო ქუდებს და კაშნებს ვქსოვდი და თვლებით ვაფორმებდი.
– პირველი ნამუშევრები…
– როცა რეზიდენტურაზე დავდიოდი, შემთხვევით მოვხვდი გალანტერიის მაღაზიაში. პირველი, რაც დავამზადე, იყო საყურე ჩემთვის, რომელიც  მოეწონათ მეგობრებს, შემდეგ მეგობრებსაც გავუკეთე რაღაც სამკაულები და ასე, ნელ-ნელა, გამიტაცა ამ საქმემ და შემოსავლის წყაროდაც მექცა.
– თქვენს ფეისბუქგვერდზე სამკაულების ნიმუშებია…
– ვამზადებ ყელსაბამებს, გულსაბნევებს, თმის სამაგრებს, საყურეებს, ბეჭდებს, სამაჯურებს.
შეკვეთებს ვიღებ როგორც ინტერნეტით, ასევე ტელეფონის მეშვეობით. მიყვარს ნემსიყლაპიების დამზადება, საკმაოდ დიდხანს ვეძებდი საჭირო ქვებს. ახლა რამდენიმე სახის ნემსიყლაპიას ვამზადებ.
გოგონაგულსაბნევები და ნემსიყლაპიებირატომ ნემსიყლაპია? რაიმე ისტორიას ხომ არ უკავშირდება?
– ხატვა არ მეხერხება, ამიტომ სამკაულის ესკიზებს ვერ ვაკეთებ. ვყიდულობ მასალებს და ჩემი ფანტაზიით ვაძლევ ფორმას. ძალიან მიყვარს გოგონა-გულსაბნევები და მომხმარებელს სხვადასხვა ვარიანტს ვთავაზობ, ბავშვებსაც მოსწონთ და დიდებსაც.
მრავალნაირი მწერი ვცადე – პეპლები, ბზიკები, მაგრამ ნემსიყლაპიები ყველაზე ლამაზი გამოდის და მომხმარებლის მოწონებაც ნემსიყლაპიამ უფრო დაიმსახურა, ამიტომ ვამზადებ როგორც შუშისას, ასევე სადაფისას. ფერადები და ლამაზები გამოდის…
დღეს ბევრი ამზადებს სამკაულებს. როგორ უნდა მოახერხოს ხელოვანმა, რომ ორიგინალურ საკუთარ სტილს მიაგნოს?
– მიყვარს არასტანდარტული გულსაბნევების დამზადება, უცხოა და ყველა სხვადასხვანაირი, საინტერესო სამუშაოა.
უამრავი ხელოვანია საქართველოში, მართლაც, საინტერესო ნაკეთობები აქვთ.
ჩემს თავს ხელოვანს ვერ ვუწოდებ, რაც მომწონს, იმას ვაკეთებ თავისუფალ დროს, ძირითადად, ღამის საათებში (ხშირად შემომთენებია) ვამზადებ სამკაულებს.
– მონაწილეობთ გამოფენა-გაყიდვებში…
– ვცდილობ, გამოფენა-გაყიდვებშიც მივიღო მონაწილეობა, სხვადასხვა ქალაქში სახალხო დღესასწაულებზე ხშირად აწყობენ გამოფენა-გაყიდვებს და თუ სასწავლო დღეებს არ ემთხვევა, ვცდილობ, მონაწილეობა მივიღო მეც.
– ოჯახი…
– მყავს მეუღლე და 2 შვილი, რომლებიც ხელს მიწყობენ ჩემი გატაცების განხორციელებაში. თავისუფალ დროს ყოველთვის ვამზადებ რაღაცას.

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი