“ქვეყნებს შორის ჯანსაღი პარტნიორობა ეფუძნება არა ერთი ქვეყნის მხრიდან მეორის ინტერესების მომსახურებას, არამედ ქვეყნებს შორის ეროვნული ინტერესების თანხვედრის ძიებას” – პაპუაშვილი

“ქვეყნებს შორის ჯანსაღი პარტნიორობა ეფუძნება არა ერთი ქვეყნის მხრიდან მეორის ინტერესების მომსახურებას, არამედ ქვეყნებს შორის ეროვნული ინტერესების თანხვედრის ძიებას. სწორედ ეს არის სუვერენიტეტის არსი”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა.

როგორც პაპუაშვილმა განმარტა, მიუღებელია, როდესაც ადგილობრივი პოლიტიკური ჯგუფები საქართველოში უცხო ძალების ინტერესების გამტარებლად გვევლინებიან.

„ბოლო პერიოდში, მნიშვნელოვნად და მიზანმიმართულად გახშირდა რადიკალური, ანტიქართული პოლიტიკური ძალების მხრიდან განცხადებები, რომლებიც ეროვნული მნიშვნელობის საკითხებს ეხება და სხვა სახელმწიფოების სასარგებლოდ, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრას ემსახურება.

საზოგადოებამ მორიგი ასეთი განცხადება გუშინ, რადიკალური ოპოზიციური ალიანსისგან მოისმინა. ჩვენ ვნახეთ, როგორ საუბრობდნენ გიგი წერეთელი, გიგა ბოკერია და ზურაბ ჯაფარიძე ამერიკის შეერთებული შტატების გაზრდილ ინტერესზე ჩვენს რეგიონში და როგორ ცდილობდნენ მოსახლეობის დარწმუნებას იმაში, თითქოს საქართველოს ამოცანა უნდა იყოს არა საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვა, არამედ სხვა ქვეყნის, ამ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესების მომსახურება.

ამით მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ საქართველოს ხელისუფლება და ქართველი ხალხი აბსოლუტურად მართალია, როდესაც მათ სახელმწიფო ინტერესების ღალატში ადანაშაულებს და უცხოური გავლენის აგენტებად მოიხსენიებს.

ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ საქართველო დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოა, რომლის მომავლის განსაზღვრის უფლება მხოლოდ ქართველ ხალხს ეკუთვნის. ჩვენი ქვეყნის განვითარების გზა, ხელისუფლების არჩევანი და სტრატეგიული გადაწყვეტილებები დემოკრატიული პროცესების შედეგად ყალიბდება. ეს არის ფუნდამენტური პრინციპი, რომელსაც ვერავინ ჩაანაცვლებს ვერც პოლიტიკური სპეკულაციით და ვერც გარე ზეწოლით.

სამწუხაროდ, სულ უფრო ხშირად ვხედავთ მცდელობას, რომ ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკური კონკურენცია გასცდეს დემოკრატიული ბრძოლის ჩარჩოებს და გადაიქცეს საქართველოს საერთაშორისო იმიჯისა და სახელმწიფოებრივი ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიად. სწორედ ამაზე მეტყველებს ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგიაზე დაფუძნებული რადიკალური პოლიტიკური ჯგუფები საკუთარი პარტიული მიზნების მისაღწევად ავრცელებენ გზავნილებს, რომლებიც არა ჩვენი ხალხის და ქვეყნის, არამედ გარე პოლიტიკურ დღის წესრიგს ემსახურება.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია ტენდენცია, რომ საქართველო წარმოაჩინონ როგორც რუსეთისა და ირანის მოკავშირე თუ დასაყრდენი სახელმწიფო რეგიონში, რაც ყოველგვარ რეალობას არის აცდენილი.

რუსეთს საქართველოს ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული, საქართველოს რუსეთთან გაწყვეტილი აქვს დიპლომატიური ურთიერთობები, რაც უკვე თავისთავად მეტყველებს იმაზე, თუ რა სახის ურთიერთობა არსებობს საქართველოსა და რუსეთს შორის. რაც შეეხება ირანს, რომელიც ჩვენი რეგიონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანაა, საქართველოს და ირანს შორის ურთიერთობა ვერც პოლიტიკურად და ვერც ეკონომიკურად ახლოსაც ვერ მივა იმ ურთიერთობების დონესთან, რომელიც რეგიონის სხვა სახელმწიფოებს მასთან გააჩნიათ. შესაბამისად, ამგვარი ნარატივების გავრცელება მხოლოდ საქართველოზე ცრუ წარმოდგენების შექმნასა და მისი საერთაშორისო რეპუტაციის დაზიანებას ისახავს მიზნად”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები