ბოლნისის მუნიციპალიტეტში ზემო არხის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია განხორციელდება 

საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით და მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში ზემო არხის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია/მოდერნიზაციის პროექტი განხორციელდება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის პრეზენტაცია გაიმართა „საქართველოს მელიორაციაში“, რომელსაც კომპანიის გენერალური დირექტორი გიგლა თამაზაშვილი და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები _პროექტის მენეჯერი ტრევორ დეივიდ ბემონტი და ირიგაციის ინჟინერი პრაჯეშ შრესტა ესწრებოდნენ.

„საქართველოს მელიორაციის“ ბოლნისის სერვისცენტრის წარმომადგენლებთან და ადგილობრივ ფერმერებთან არაერთი შეხვედრა გაიმართა, რათა პროექტი მაქსიმალურად ყოფილიყო მორგებული როგორც საექსპლუატაციო მოთხოვნებზე, ისე მომხმარებლების საჭიროებებზე.

პროექტში გათვალისწინებულია „საქართველოს მელიორაციის“ ძირითადი რეკომენდაციები, კერძოდ, სარწყავი ფართობების უზრუნველყოფა მაქსიმალურად დახურული მილსადენების ქსელით, წნევის მარეგულირებლების მოწყობა, ახალი ტექნოლოგიის დანერგვა, რომელიც უზრუნველყოფს მელიორაციული სისტემების რეალურ დროში მონიტორინგსა და სარწყავი ფართობების მაქსიმალური სიზუსტით განსაზღვრას. პროექტი, ასევე, მოიცავს სათავე ნაგებობისა და დიუკერების რეაბილიტაციას, პირდაპირი წყალგამშვებებისა და მაგისტრალურ არხზე მსხვილფეხა რქოსანი საქონლის საწყურებლების მოწყობას.

პროექტის განხორციელების შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება სარწყავი და სადრენაჟე სისტემები და გაიზრდება სასოფლო-სამეურნეო წარმოება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები