ირაკლი ალასანია უკრაინის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

სქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ნატოს შტაბ-ბინაში უკრაინის თავდაცვის მინისტრს, გენერალ-პოლკოვნიკ მიხაილო კოვალის შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და უკრაინას შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გეგმებზე იმსჯელეს. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უკრაინელ კოლეგას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„მინდა, ვუსურვო დიდი წარმატებები ჩვენს უკრაინელ კოლეგას, იმ ძალიან რთულ საქმეში, რომელსაც მან მოჰკიდა ხელი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობა ძალიან ინტენსიური, მყარი იქნება, ისეთი, როგორიც ეკადრება უკრაინელ და ქართველ ხალხს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იმისთვის, რომ უკრაინა საქართველოს ყოველთვის უჭერდა მხარს და მათ ეცოდინებათ, რომ საქართველო ყოველთვის მათ გვერდით იქნება“-, განაცხადა ირაკლი ალასანიამ. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ქართველ ხალხს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მან იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.
„უკრაინა და უკრაინის შეიარაღებული ძალები დიდ მადლობას უხდის ქართველ ერს და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩვენს მიმართ იჩენენ იმ საკმაოდ რთულ სიტუაციაში, რომელშიც უკრაინის შეიარაღებული ძალები იმყოფება. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა სულ უფრო მეტად გაღრმავდება და ჩვენი ქვეყნების წარმატებამდე მიგვიყვანს“,- აღნიშნა მიხაილო კოვალიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები