გია ვოლსკი: ბესელიამაც იცის, სად არის მისამართი იმ პოლიტიკური გუნდისა, რომელიც იწერდა და ავრცელებდა ასეთ ბინძურ კადრებსა და ჩანაწერებს
პარლამენტის ვიცესპიკერი და უმრავლესობის ლიდერი, გია ვოლსკი ეკა ბესელიას განცხადებებს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით ეხმიანება და ამბობს, რომ თავად დეპუტატმაც იცის, ვისი გაკეთებულია ჩანაწერები და ვის აწყობდა მათი გავრცელება.
ვოლსკი ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტავს, რომ მორალურ ასპექტში სრულიად ეთანხმება ეკა ბესელიას, თუმცა ამ თემით პოლიტიკური მანიპულირება ბესელიასთვისაც საზიანო იქნება.
“რუსთავი 2-ის” ჟურნალისტის კითხვაზე – მმართველი პარტია რატომ ბრაზდება და ხშირად აკრიტიკებს ეკა ბესელიას თუნდაც მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოძიების შესახებ განცხადებების გამო, ვოლსკი პასუხობს, რომ ეს არის ერთი ადამიანის სერიოზული ემოციური მდგომარეობა, რასაც ყოველთვის ითვალისწინებს.
„ვერ ვიტყოდი, რომ ხშირად ვბრაზდებით ან დიდ ყურადღებას ვაქცევთ, მაგრამ, რეალურად, ეს არის ერთი ადამიანის საკმაოდ სერიოზული ემოციური მდგომარეობა, რასაც მე პირადად ყოველთვის ვითვალისწინებდი და ის დაკავებული ადამიანებიც, ვინც ავრცელებდა ამ კადრებს. გამოძიებაც ამის შედეგს გვიჩვენებს, რომ სახელმწიფოს დამოკიდებულება საკმაოდ მკაცრი აქვს ასეთი ფაქტების მიმართ, მაგრამ ამ ემოციით გადაჭარბება თავის თავისთვისაც არ არის მისაღები, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ პოლიტიკურად გარკვეულ პოზიციებს უმაგრებს ის, რაც თუნდაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა აღნიშნეს. აქ არის ორი ასპექტი: ერთი არის წმინდა ადამიანური, სადაც აბსოლუტურად ვიზიარებ ამ პათოსს, დამოკიდებულებას, მაგრამ მეორე არის ის, რომ თვითონაც კარგად იცის, ვინ ფლობდა ამ ჩანაწერებს და ვის შეიძლება, აწყობდეს ამ ჩანაწერების გავრცელება, როგორც მისი პირადი პოლიტიკური წონის გასაძლიერებლად, ასევე იმ კრიტიკული დამოკიდებულების გამო, რომელიც შეიძლება, გამოხატოს თუნდაც თქვენმა მედიასაშუალებამ, – განაცხადა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ვოლსკის შეფასებით, ამ საქმეს ორი ნაწილი აქვს: მორალური და საქმიანი, საკმაოდ პრაგმატული ნაწილი, რომელიც ერთმანეთში არ უნდა აირიოს.
„არ ვიცი, რისთვის იყენებს, ზის სახლში და ფიქრობს, როგორ გამოიყენოს პოლიტიკური შედეგისთვის, მე ამას ვერ ვიტყვი. შედეგებით ვმსჯელობ და შედეგების მიხედვით დავყავი ორ ნაწილად, ემოციურში აბსოლუტურად ვიზიარებ, არა მარტო მის მდგომარეობას, არამედ ყველა ადამიანისა, ვისაც ასე აბულინგებენ, მაგრამ დაბულინგების სხვა ბევრი შემთხვევაც გვინახავს ბოლო პერიოდში და ვის აწყობს ეს, ისიც კარგად ვიცით, სად არის მისამართი იმ პოლიტიკური გუნდისა, რომელიც იწერდა და ავრცელებდა ასეთ ბინძურ კადრებსა და ჩანაწერებს.
როცა პოლიტიკურ ველზე გამოდიხარ და იბრძვი, რასაკვირველია, ეს თემა მხოლოდ ემოციის გარეშე არ მიდის. აქ არის პრაგმატული პოლიტიკური დივიდენდებიც და ერთ ნაწილში, როგორც აღვნიშნე, აბსოლუტურად ვიზიარებ და, მეორე ნაწილში, არის აუცილებლობა, შევხედოთ ამ ვითარებას ცივი გონებით და ვნახოთ, რა პოლიტიკურ შედეგს იმკის“, – განაცხადა ვოლსკიმ.