ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე: ხარისხიანი ქართული ღვინის წარმოებისთვის, ვენახების გაშენება უნდა ექვემდებარებოდეს რეგულაციებს

ვენახების გაშენებაზე თანხმობის გაცემის წესები და პროცედურები, რომლებმაც უნდა უზრუნველყოს პროცესის სრული გამჭვირვალობა, 2026 წლის 1 მაისამდე შემუშავდება კანონქვემდებარე აქტის სახით. ახალი რეგულაციის მიზანია, ქართული ღვინის ხარისხის უზრუნველყოფა და ამით, გრძელვადიან პერსპექტივაში, მევენახეებისა და ღვინის კერძო ინდუსტრიის მხარდაჭერა, – აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ვაჭარაძემ.

„ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონს დაემატა ნორმა, რომლითაც განისაზღვრება სამეწარმეო ვენახის გაშენებაზე თანხმობის გაცემის ცნება. სამეწარმეო ვენახების გაშენებაზე თანხმობის მიღება დასჭირდებათ იმ პირებს, რომლებიც მიმდინარე წლის 1 მაისის შემდგომ პერიოდში გადაწყვეტენ კომერციული მიზნებისთვის ვენახის გაშენებას.

ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) მონაცემებით, 1961 წლის შემდეგ, ამ ეტაპზე, მსოფლიო მასშტაბით ღვინის მოხმარება ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.

„მძაფრი კონკურენციისა და ჭარბწარმოების ფონზე, ვენახების გაშენება უნდა ექვემდებარებოდეს რეგულაციებს. აქცენტი უნდა გაკეთდეს ნედლეულისა და საბოლოო პროდუქტის ხარისხზე. დაწყებული ნიადაგით, ექსპოზიციით, მდებარეობით, ჯიშით, საძირით – ყველაფერი უნდა შეესაბამებოდეს იმ სტანდარტს, რაც საშუალებას მოგვცემს, მივიღოთ ხარისხიანი მოსავალი საუკეთესო ღვინის დასამზადებლად“, – აღნიშნა ზურაბ ვაჭარაძემ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ ვენახის გაშენებაზე თანხმობა უფასოდ გაიცემა. ვენახების გაშენების თანხმობის აღება მოუწევს მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც გეგმავენ კომერციულ საქმიანობას და არ ეხება მათ, ვინც ვენახის გაშენებას პირადი მოხმარებისთვის აპირებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები