აშშ-საქართველოს შორის პარტნიორობის სიმბოლური დოკუმენტი გაფორმდა

საქართველო და აშშ-ის ჯორჯიის შტატი თანამშრომლობის 20 წლისთავს აღნიშნავს. პარტნიორობის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სიმბოლური დოკუმენტი გაფორმდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 20 წლის პარტნიორობის დოკუმენტს ხელი საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მიხეილ დარჩიაშვილმა, აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის სარდალმა, გენერალმა ჯეიმს ბათერვორთმა, აშშ-ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა, საქართველოს ეროვნული გვარდიის სარდალმა, პოლკოვნიკმა ლევან გამყრელიძემ და შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა მოაწერეს.
სიტყვით გამოსვლისას ქართულმა და ამერიკულმა მხარეებმა ოცწლიანი წარმატებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.
„ძალიან მნიშვნელოვანია, პრეზიდენტ ობამას განცხადება აშშ-ის მიერ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის, მათ შორის, საქართველოსთვის, უსაფრთხოების უზრუნველყოფის პაკეტთან დაკავშირებით. საქართველოსა და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიებს შორის 20- წლიანი პარტნიორობა აშშ-საქართველოს უსაფრთხოების თანამშრომლობის კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ურთიერთობა გრძელდება და კიდევ უფრო განმტკიცდება. ამერიკის შეერთებული შტატები მოწოდებულია საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაში დაეხმაროს, რაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვას უზრუნველყოფს. მადლობას ვუხდით ქართველ პარტნიორებს შესანიშნავი თანამშრომლობისთვის“, – აღნიშნა აშშ-ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა.
ღონისძიების დასასრულს, გენერალმა ჯეიმს ბათერვორთმა ქართველ პარტნიორებს ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის სიმბოლოების მინიატიურული ქანდაკებები გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები