სოხუმი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე „საერთაშორისო დამკვირვებლებს“ იწვევს
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ცესკო-მ „საპრეზიდენტო არჩევნებზე“ საერთაშორისო დამკვირვებლები მიიწვია, მათ შორის ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან.
ამის შესახებ ცესკო-ს ე.წ. თავმჯდომარემ, თამაზ გოგიამ განაცხადა.
„საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე, ვიწვევთ ჩვენს კოლეგებს რუსეთიდან, სამხრეთ ოსეთიდან, დონეცკიდან და სხვა, ანუ იმ ქვეყნებიდან, რომლებმაც ჩვენი დამოუკიდებლობა აღიარეს, რომლებიც გვემეგობრებიან“, – აცხადებს გოგია.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ე.წ. არჩევნები 25 აგვისტოს ჩატარდება.
კანდიდატთა წარდგენისთვის პარტიებისა და საინიციატივო ჯგუფების რეგისტრაცია 26 ივნისს დაიწყო.
ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო “პრეზიდენტს” 5 წლის ვადით ირჩევენ.