ხელოვანი, რომელსაც ხატვა სიზმარში გამოცხადებულმა პიკასომ დააწყებინა, ანუ მამაკაცი, რომელიც 43 წლის ასაკიდან ხატავს და ქარგავს…

 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში 5-8 ივნისს გიორგი ნინიძის მეორე პერსონალური გამოფენა გაიმართება. გამოფენის სახელია ,,ფერთა სიმფონია“. გამოფენაზე მხატვრის მიერ ბოლო წლებში შექმნილი 30 მცირე ზომის კლასიკურ ჩარჩოებში ჩასმული აბსტრაქცია იქნება წარმოდგენილი. “კვირა“ დაუკავშირდა მხატვარს და გაესაუბრა მას.

– ბატონო გიორგი, რამდენადაც ვიცი, ხატვა გვიან დაიწყეთ?
– ეს ძალიან საინტერესო და უცნაური ამბავია. გულწრფელად გეტყვით,- ხატვა პაბლო პიკასომ დამაწყებინა… სიზმარში მეცხადებოდა და ერთხელაც ასეთი რამ მითხრა: შენ აუცილებლად უნდა დაიწყო ხატვაო, რადგან მხატვრის კოდი გაქვს და ერთხელაც ეს კოდი ამოხეთქავსო.. ამის მერე ვცადე და ვხატავ.
– საოცარია.. ახლა ჩაძიებული კაცის პოზიციიდან გკითხავთ: რა ენაზე გელაპარაკებოდათ პიკასო?
– რა თქმა უნდა, ქართულად, რახან მისი გავიგე… ერთხელ ბავშვობის მეგობარმა მითხრა, რომ მთელი ცხოვრება შენი ადამიანობით მაოცებდიო, ახლა კი შენი შემოქმედებით გამაოცეო. ისე, მართლა მინდა, რომ ჩემს ცხოვრებაში დადგეს მომენტი, რომ ჩემი შემოქმედებით ყველა გავაოცო… პირველი გამოფენის მერე საკმაო დიდი შუალედი გამომივიდა, მაგრამ ვფიქრობ, ეს ლოდინად ღირდა.
– თქვენი ამბავი იმათაცაა უჩვეულო, რომ ხატვასთან ერთად ქარგავთ კიდეც…
– დიახ, საქართველოში ეს იშვიათია, მე ვქარგავ კიდეც და ჩემს ნამუშევრებს, რომ მობრძანდებით, გამოფენაზე იხილავთ და თვითონვე შეაფასებთ. აქ ფერებიც დაგხვდებათ, მუსიკაც და სილამაზეც.
– გამოფენა პარლამენტის საჯარო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში ტარდება და ეს ბოლო წუთებში გადაწყდა…
– თავიდან დახმარებას მერია დამპირდა, მაგრამ თავისი სიტყვა აღარ შეასრულა, მაგრამ კეთილ ხალხს რა დალევს? დიდი მადლობა საჯარო ბიბლიოთეკის მესვეურებს, რომ გამოფენისთვის დარბაზი დამითმეს.
გიორგი ნინიძე პროფესიით იურისტი და ეკონომისტია, ქობულეთის საშუალო სკოლა და შემდეგ მოსკოვის ტექნოლოგიური ინსტიტუტი დაამთავრა. მისი პირველი პერსონალური გამოფენა 2003 წელს გაიმართა.

თეონა გოგნიაშვილი

10438725_1477430005828096_1915299873_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები