თამარ უჯმაჯურიძე: საქართველოს ვერავინ ვერასდროს გადააშენებს, რაგინდ დიდი სურვილი ჰქონდეს

ფილოლოგი თამარ უჯმაჯურიძე სოციალურ ქსელში ვლადიმერ პუტინის განცხადებას ეხმაურება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“ბატონო პრეზიდენტო! ალბათ, ელოდებით, რომ ქართველი ხალხი, მადლიერების გრძნობით აღვსილი, დღეიდან დითირამბებს მოგიძღვნით, ალბათ, ელოდებით,რომ მსოფლიო ტაშს დაგიკრავთ ბრძნული გადაწყვეტილებისთვის, არ დაგესაჯათ სამაგალითოდ პატარა ქართველი ერი, რომელიც იმდენად უმადურია, რომ ხაზს უსვამს ყველაფერს, რაც მისთვის ისტორიულად თქვენს ,,ძლევამოსილ სახელმწიფოს” გაუკეთებია. უნდა გაგაწბილოთ – ეს ასე არ იქნება და აი, რატომ:

1. თქვენმა დეპუტატებმა, თქვენს ,,გულმოწყალებამდე”, უკვე იმდენი სიბინძურე თქვეს ჩემს ქვეყანაზე, რომ თქვენ უბრალოდ, ვეღარაფერს დაამატებდით, გარდა იმ დამახინჯებული ისტორიისა, რომელიც ასე ვრცლად მიმოიხილეთ თქვენს სიტყვაში. მინდა გირჩიოთ,ისევ ქართველ ხალხთან იმ კეთილგანწყობისთვის, რომელიც როგორც ამბობთ, ძალიან გსურთ, უკეთ გადახედოთ საქართველოს ისტორიას.თუ შესაბამისი ლიტერატურა თქვენს ქვეყანაში დეფიციტია, სიამოვნებით მოგაწვდით მასალას საქართველოდან. ერი, რომელსაც მეოთხე საუკუნეში ჰქონდა რელიგია, რომელსაც ქრისტიანობა ჰქვია, მე-12 საუკუნეში შექმნა წიგნი, რომელიც 21-ე საუკუნეშიც აოცებს მსოფლიოს,ერი, რომელსაც ჰყავს ვაჟა-ფშაველა, რომელმაც უკიდურესი გაჭირვების გამო, უმაღლესი განათლებაც ვერ მიიღო,მაგრამ შექმნა ის შედევრები, რომელთაც მსოფლიოს სხვადასხვა ენაზე მხოლოდ ზოგადსაკაცობრიო, ჰუმანური იდეების გამო თარგმნიან, ჰყავდა მხატვარი, რომელმაც ასევე სიღარიბეში დალია სული, მაგრამ მისი ნახატები მსოფლიოს უდიდეს აუქციონებზე მილიონებადაა შეფასებული და რომელზედაც თქვენი ერთ-ერთი საუკეთესოდ აღიარებული მომღერალი დღემდე მღერის, ერი, რომელსაც აქვს ისეთი მიწა-წყალი, რომლისკენაც გაჩენის დღიდან გაურბით თვალი მსოფლიოს უდიდეს დამპყრობლებს, თუმც საწადელს აქამდე ვერავინ მიაღწია… ვერასდროს იქნება ინვალიდი, როგორც თქვენმა დეპუტატმა უწოდა და რაზეც თქვენ სიტყვაც არ დაგიძრავთ;

2. მადლიერნი ვერ ვიქნებით ,,გეორგიევსკის ტრაქტატის” შემდგომი 70-წლიანი უღლის გამო, რასაც არანაირად არ ითვალისწინებდა თავად ტრაქტატი. რუსეთმა საქართველოსთან ურთიერთობა სიტყვის გატეხით დაიწყო და ასე აგრძელებს დღემდე, მერწმუნეთ, ჩემთვის ძალიან სამწუხაროდ. თქვენ მეგობრობა მონობა გგონით, მეზობლობა-ბატონობა და შესანიშნავად ახერხებდით ამას ძალიან დიდი ხნის მანძილზე, თუმცა შეიცვალა დრო, შეიცვალა ვითარება მსოფლიოში და მონობის მეგობრობისგან გარჩევა ისე ადვილი გახდა, როგორც მახინჯი ტრადიციისა კარგისგან.

3. მადლიერნი ვერ ვიქნებით, რადგან მე იქ ვიდექი, სადაც ჩემი მშობლიური ენის დაცვა მომიხდა, როცა თქვენი ქვეყნიდან წამოსული ბრძანება მას გაქრობით ემუქრებოდა. მე და საქართველოს ის ტკივილი და შიში გვახსოვს… და ეს ჩვენს წელთაღრიცხვამდე კი არა, ახალახან – მე-20 საუკუნეში მოხდა.

4. მადლიერნი ვერ ვიქნებით, რადგან არ დაგვვიწყებია, როგორ დაგვიხოცეთ 9 აპრილს სიცოცხლეზე შეყვარებული ბავშვები,რომელთაც ჩემი ქვეყანა უნდა ეშენებინათ. ესეც მე-20 საუკუნეში მოხდა და არა შორეულ წარსულში.

5. მადლიერნი ვერ ვიქნებით, რადგან ჩემს სამშობლოს ააგლიჯეთ სამოთხეს მიმსგავსებული ნაწილი – აფხაზეთი და სამაჩაბლო. ის ნაწილი, გვერწმუნეთ, ყველას გვტკივა, სად და რომელ მხარესაც არ უნდა ვიდგეთ. იმასაც შეგახსენებთ, რომ აფხაზეთმა თავის დროზე ყველაზე გვიან აღიარა რუსეთის მეფის ძალაუფლება საქართველოში და ამისთვის მისი მთავარი – შერვაშიძე,მოგვიანებით კი მისი შვილი (ასევე მთავარი) სამშობლოდან გადაასახლა თქვენმა ქვეყანამ, ძალიან დიდი ხნით. სასაცილოა, რომ რუსეთს ახლა აფხაზთა დამცველად მოაქვს თავი.

6.მადლიერნი ვერ ვიქნებით, რადგან უკვე 21-ე საუკუნეში, სასტიკად გაუსწორდით გორისა და მისი მიმდებარე სოფლების მოსახლეობას, აფხაზეთიდან დევნილებს სამაჩაბლოდან დევნილებიც მიუმატეთ და დაგვიხოცეთ სიცოცხლით სავსე ახალგაზრდები. ისინი დღეს გმირები არიან, მაგრამ, მე პირადად, მერჩია მათ სხვა გმირობა ჩაედინათ, ცოცხლებსა და ჯანსაღებს.

7. რაც შეეხება ქართულ ღვინოსა და ,,ბორჯომს”, მას თქვენ საქართველოსგან სამადლოდ კი არ ყიდულობთ, არამედ იმიტომ, რომ კარგია. ეს აღიარებულია საყოველთაოდ და ის,რომ ქართული ღვინო მაშინვე კარგავს თავის ხარისხსა და გემოვნურ თვისებებს,როგორც კი ქართველების ქცევა თქვენთვის მოსაწონი არ არის, მაპატიეთ და, ვერაფრით დაგვაკომპლექსებს.

ბატონო პრეზიდენტო, თქვენ ქრისტიანული, მართლმადიდებელი ქვეყნის მეთაური ბრძანდებით,მაგრამ ვშიშობ, ამ რელიგიის შესახებაც არ გაქვთ მთლად ამომწურავი ინფორმაცია,ისევე,როგორც საქართველოზე. ეს რომ ასე არ იყოს, თქვენ ერთხელ მაინც გაგახსენდებოდათ, რას გიბარებდნენ თქვენი წმინდა მამები( რომელთაც საქართველოში დღემდე პატივს სცემენ), დაფიქრდებოდით, ვის ებრძვით, გამართლებულია თუ არა ეს ბრძოლა, რას გიქადით იგი და რაც ყველაზე მთავარია, გეცოდინებოდათ, რომ საქართველოს ვერავინ ვერასდროს გადააშენებს, რაგინდ დიდი სურვილიც არ უნდა ჰქონდეს ამის. ახლა იმაზე, რაც ბოლო დროს მოხდა: მე არ ვარ არც იმ ტელევიზიის და არც იმ ჟურნალისტის გულშემატკივარი, ვიზედაც ახლა ასე ბრაზობს თქვენი დუმა და ცხადია,თქვენც (რაც ჩემთვის გასაგებია). დიახ, არც ქართველის მენტალობაში და არც მის კულტურაში არ ჯდება ის, რისი მომსწრენიც გავხდით,მაგრამ მიუხედავად ამისა, ქართველი ხალხი ვერც ბოდიშს მოგიხდით და ვერც მადლობელი დაგრჩებათ, რადგან ჯერ თქვენს ქვეყანას აქვს მოსახდელი ბოდიში უამრავი ტკივილისთვის,რომელიც მას რუსეთმა მიაყენა და მადლობა გადასახდელი კაცთათვის აქამდე გაუგონარი მოთმინებისთვის. თუ ამას თქვენი ქვეყანა შეძლებს, ქართველთათვის არც ბოდიში და არც მადლობა პრობლემა არაა, რადგან ორივე ღირსებად მიაჩნია და არა დამცირებად. წარმატებებს გისურვებთ, ოღონდ არა ჩემი სამშობლოს საზიანოდ!”- წერს თამარ უჯმაჯურიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები