რამაზ საყვარელიძე: რუსეთს სჭირდება ჰიბრიდული, ეკონომიკური ომი და მივიღეთ კიდეც ეს ომი

“რუსეთს სჭირდება ჰიბრიდული ომი, ანუ ეკონომიკური ომი და მივიღეთ კიდეც ეს ომი”, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერნეციაზე განაცხადა.
საყვარელიძე ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
„მოვლენები დაიწყო რუსი პოლიტიკოსის ჩამოსვლით, მისი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში მოხვედრით, შემდეგ პროტესტით, გახარიას შეცდომით, პროცესი დღევანდლამდე მივიდა და მერე გაბუნიას გამოსვლაც დაემატა. მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ არც გავრილოვის თავხედობა იყო შემთხვევითობა. მას ძალიან მომზადებული დახვდა აქ პოლიტიკოსების გარკვეული ნაწილი, სასწრაფოდ ჰქონდათ რეაქცია, არც ეს იყო შემთხვევითობა“, – განაცხადა საყვარელიძემ.
მისი თქმით, ომი არ დაიწყება, ეს არ სჭირდება რუსეთს.
„მას ერთი ომი აქვს უკრაინასთან და ის ყოფნის მსოფლიოსთან საჭიდაოდ. მას სჭირდება ჰიბრიდული ომი, ანუ ეკონომიკური ომი და მივიღეთ კიდეც ეს ჰიბრიდული ომი – ტურისტები, გადმორიცხვების შემცირება, ღვინის ექსპორტი და ასე შემდეგ. მათი მიზანია, საქართველოს ეკონომიკა ჩამოიშალოს და ჩვენ ამ მიზანს ჩვენი ემოციურობით ხელს ვუწყობთ, თუ ვუშლით? რუსებმა მცირე პროვოცირება გაგვიკეთეს და მერე ხელები დაიკრიფეს; გვიყურებენ, როგორ მივდივართ იქით, საითაც მათ სურთ და ახლა მათ სურს ეს, რომ ქართული ეკონომიკა გაიჭედოს. ქართული ეკონომიკის გადარჩენა არის ინვესტიციები, მაგრამ ასეთ ქვეყანაში, ასეთ დედაქალაში, რასაც ყოველ ღამეს ჩვენ ვუყურებთ, ინვესტიციებს არ ჩადებენ. ინვესტიციებზეა დამოკიდებული არა მარტო ქვეყნის შიდა ბიზნესი, არამედ – ისეთი საერთაშორისო პროექტი, როგორიცაა ანაკლიის პროექტი. ასევე, სტაბილურობაზეა დამოკიდებული ისეთი საერთაშორისო პოლიტიკური პროექტი, როგორიცაა აეროპორტების მშენებლობა. ეს ყველაფერი რუსეთმა დააყენა დარტყმის ქვეშ. შედეგიანი იქნება თუ არა ეს დარტყმა, არავინ იცის. რეაქციები ქართული სახელმწიფო ფიგურების, გასაგებია; ეკონომიკის დაცემაზე პასუხი მათ მოეთხოვებათ“, – განაცხადა საყვარელიძემ.

ცნობისთვის, რუსეთის დუმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა ქართული ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტის აკრძალვას მხარი დაუჭირა.
“ინტერფაქსის” ინფორმაციით, პროფილურმა კომიტეტმა გაიზიარა ფრაქცია “ედინაია როსიას” წინადადება საქართველოდან იმპორტის შეზღუდვისა და ფულადი გადარიცხვების აკრძალვის შესახებ. ამის შესახებ კომიტეტის სახელით ლეონიდ სლუცკიმ განაცხადა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები