ჩუგოშვილი გაბუნიას მონოლოგზე: ეს არ იყო უბრალოდ ბილწსიტყვაობა, მიუხედავად იმისა, რომ ,,რუსთავი 2″ ცდილობს ეს შეაფასოს, როგორც ერთი ჟურნალისტის უზრდელური გამოხტომა

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი ,,რუსთავი 2″-ის წამყვანის, გიორგი გაბუნიას მონოლოგს ტვ პირველის ეთერში გამოეხმაურა.

როგორც ვიცე-სპიკერმა აღნიშნა, “ეს არ იყო უბრალოდ ბილწსიტყვაობა და არაეთიკური გამოსვლა, მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალური მოძრაობა და რუსთავი 2-ის დანარჩენი შემადგენლობა ცდილობს შეაფასოს როგორც ერთი ჟურნალისტის უზრდელური გამოხტომა და მეტი არაფერი. შესაბამისად, რეაგირების სახით, 2 თვე დაისვენებს”.

ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ ისედაც დაძაბულ და მარტივად აალებად სიტუაციაში, მსგავსი პროვოკაციული გამოხტომები ყველას რეალური საფრთხის განცდას უჩენს

„ეს არის ნარატივი, რომელიც ჩვენ მივიღეთ მათი მხრიდან. მაგრამ ეს არ იყო უბრალოდ უზრდელობა, იმიტომ, რომ რუსთავი 2-სგან უზრდელობას, არაეთიკურ გამოსვლებს, ლანძღვას, გინებას, შეურაცხყოფას, დიდი ხანია მიეჩვია ყველა. ეს არის მათი ჩვეულებრივი სამუშაო რეჟიმი, ასე იქცევიან. ამიტომ. გუშინ რომ დირექტორი ეთიკურებისკენ მოუწოდებდა გაბუნიას, სასაცილოდ ჩანდა მგონი ეს ყველაფერი.

იმიტომ, რომ ეს არის ადამიანი რომელიც თვეების განმავლობაში ამკვიდრებდა ამ ლანძღვა გინებას და უზრდელობას ტელეეთერში. საქმე ამაში არ იყო, რომ მან იუზრდელა და მან არაეთიკურად გამოხატა თავის აზრი, ეს არ ყოფილა პრობლემა, ამას არ გამოუწვევია საზოგადოების აღშფოთება, ეს უჩვეულო ერთიანობა რასაც ადგილი ჰქონდა, გამოიწვია იმან, რომ ისედაც ძალიან დაძაბულ, ისედაც უმარტივესად აალებად სიტუაციაში, რომელშიც ჩვენ და ჩვენი ქვეყანა არის, დამატებითი პროვოკაციული გამოხტომები და კიდევ უფრო სწრაფად და კარგად აალების დამატებითი მცდელობები, ყველას უჩენს რეალური საფრთხის განცდას.

მე ბუნებრივია, არ ვამბობ იმას, რომ ეს ომს გამოიწვევდა და ა.შ. მაგრამ ამას თავის შედეგები მოჰყვა და მოჰყვება. მოდის სულ უფრო მეტი ინფორმაცია რუსეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მიმართ, რომლებიც რამდენადაც მე ინფორმაცია მაქვს და რამდენადაც მე მესმის, სერიოზული საფრთხის ქვეშ არიან და სახლიდან ვერ გამოდიან იმდენად დიდი არის მათ მიმართ აგრესია. ეს არის უდიდესი რაოდენობით ქართველები და ეს დიახ, გუშინდელი განცხადების გამო.

ჩვენ ვნახეთ შედეგები, გაბუნიას გამო, შეიძლება ყველაფრის გამო, ერთად მიიღეს გადაწყვეტილება ფულადი ტრანსფერების აკრძალვის შესახებ, ვაჭრობის აკრძალვის შესახებ და აშ. ანუ ფაქტობრივად სრული ეკონომიკური ემბარგო ისევ ამოქმედდა, რაც არის მთელი კომბინაცია და ყველაფრის შედეგი და არ ვამბობ, რომ მხოლოდ გაბუნიამ გამოიწვია ეს, ვამბობ იმას რომ აალებადი არის მარტივად, ახლა იმდენად არის დაძაბული ურთიერთობა საქართველოსა და რუსეთს შორის” – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

რაც შეეხება გამოხმაურებებს, პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, გამოხმაურება აუცილებელი იყო.

„გუშინ მთელ საზოგადოებას პანიკა ჰქონდა. პანიკა იყო მთელს ქვეყანაში. ადამიანებს ჰქონდათ საფრთხის შეგრძნება. იმიტომ გადაირია ქვეყანა, რომ უზრდელია გაბუნია? ამიტომ გაგიჟდა გუშინ ხალხი? იმით ვიყავით გადარეულები, რომ აღმოვაჩინეთ რუსთავი 2- ში უზრდელი ადამიანი? ხელისუფლებამ უპასუხა იმ შედეგებს, რამაც ეს გამოიწვია. მეც გამოვეხმაურე და მიმაჩნია, რომ საჭირო იყო. თავიდან, რომ გამხდარიყო ამის გაკეთება საჭირო, იგივეს ვიზამდი, იმიტომ, რომ სწორედ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ხდებოდა ეს გამოხმაურებები და არა იქიდან გამომდინარე, რომ გაბუნია მიაჩნია ვინმეს მნიშვნელოვან აქტორად და პირად”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები