Amnesty International: საქართველოში “ბორდერიზაციით” გამოწვეული ადამიანის უფლებათა დარღვევები რუსეთის უკანონო ქმედებებზე მიუთითებს
საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებთან დაკავშირებით ანგარიშს აქვეყნებს – “მავთულხლართებს მიღმა – „ბორდერიზაციით“ გამოწვეული ადამიანის
უფლებათა დარღვევები საქართველოში”. ანგარიში ერთწლიან კვლევას ეფუძნება. 2018 წელს ორგანიზაციის წარმომადგენლები თბილისსა და კონფლიქტით დაზარალებულ იმ სოფლებში ჩავიდნენ, რომლებიც თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზეა, მაგრამ “ბორდერიზაციის” ზონაში მოხვდა. ამ ვიზიტის ფარგლებში 150-ზე მეტი დაზარალებული გამოიკითხა.
როგორც 60-გვერდიან ანგარიშშია ნათქვამი, რუსეთისა და დე ფაქტო ხელისუფლებების მცდელობებმა, ადმინისტრაციულ ხაზზე ფიზიკური ბარიერები აღმართონ, რათა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონ დანარჩენი საქართველოსგან გამოყოს, გადაადგილების თავისუფლებისა და ადამიანის უფლებათა მწვავე დარღვევები გამოიწვია.
“ბორდერიზაციით” გამოწვეული ადამიანის უფლებათა დარღვევები საქართველოში ააშკარავებს რუსული სამხედრო შენაერთებისა და ძალოვანების მიერ განხორციელებულ “ბორდერიზაციის”გამანადგურებელ გავლენას ადამიანის უფლებებზე. „ბორდერიზაცია“ უარყოფითად აისახება ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობაზე, უზღუდავს მათ გადაადგილების თავისუფლებას და პირად თავისუფლებას, აუარესებს მათი ცხოვრების სტანდარტს და აღრმავებს დისკრიმინაციულ მიდგომებსა და ზომებს. აღსანიშნავია, რომ წინამდებარე ანგარიში ძირითადად კონფლიქტით დაზარალებულ იმ მოსახლეობას ეხება, რომელიც საქართველოს კონტროლირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს და ბოლო წლების განმავლობაში რუსეთის ძალების მიერ დამატებითი ტერიტორიების დაკავებით, კიდევ უფრო მეტად დაზარალდა. სასოფლო თემები ერთმანეთისგან მავთულხლართებით არიან განცალკევებული, ოჯახები მოწყვეტილი არიან საარსებო წყაროებს და ასობით ადამიანი უკანონო დაკავებების რისკის ქვეშაა ხაზის გადაკვეთისას”, – ნათქვამია “საერთაშორისო ამნისტიის” ანგარიშში.
ანგარიშში ასევე ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ რუსეთის მცდელობამ, მავთულხლართების, ღობეების, თხრილებისა და სხვა ფიზიკური ბარიერების აღმართვით ადმინისტრაციული ხაზი გადააქციოს „საერთაშორისო საზღვრად”, ადგილობრივი თემები ორად გახლიჩა და სოფლების მოსახლეობა მოწყვიტა მათ სასოფლო-სამეურნეო მიწებს, წყლის რესურსებს, ეკლესიებსა და საგვარეულო საფლავებს.
„რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებები საქართველოში ადამიანების ცხოვრებას გაუსაძლისს ხდის. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ ხაზთან მცხოვრები ათასობით ადამიანი უკანონოდ დაკავების რისკის ქვეშაა მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ცდილობენ გამყოფი ხაზის გადაკვეთას ნათესავების სანახავად, სასოფლო-სამეურნეო მიწების დასამუშავებლად თუ ჯანმრთელობის სერვისებით სარგებლობისთვის. ადგილობრივი სასოფლო თემები მოწყვეტილი არიან შემოსავლის ძირითად წყაროს და სათანადო ცხოვრებისთვის მნიშვნელოვან სხვა ასპექტებს“, – ნათქვამია ანგარიშში.
აღსანიშნავია, რომ კვლევის შედეგები როგორც საქართველოს, რუსეთის, ასევე ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებებს გადაეგზავნათ, თუმცა Amnesty International-მა პასუხი მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებისაგან მიიღო.