ნიკა მელია: მგონი, ამათ მართლა მელია ვგონივარ, ძაღლისებრთა ოჯახიდან
“მგონი, ამათ მართლა მელია ვგონივარ, ძაღლისებრთა ოჯახიდან”, – ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი ნიკა მელია მის მიმართ აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც ელექტრონული სამაჯურის ტარებას გულისხმობს.
„მგონი, ამათ მართლა მელია ვგონივარ, ძაღლისებრთა ოჯახიდან. სამაჯური იქნება ან ხელზე, ან ფეხზე, მართლა არ ვხუმრობ. უხერხულია ძალიან. უბრალოდ, ამ მოსამართლემ ჩაამატა ის, რაც არ გაახსენდა წინა მოსამართლეს, რადგან წინა მოსამართლე ხომ ამისთვის მზად არ იყო. წინა მოსამართლე იყო მზად, დავეპატიმრებინე. უბრალოდ, ძალიან სწრაფად შეიცვალა გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის თავში და ეს სამაჯური გამორჩა და ახლა დაამატეს. გვითხრეს, ეს სამაჯური იქნება ან ხელზე, ან ფეხზეო“, – განაცხადა მელიამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების შესახებ და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ამასთან, მოსამართლის გადაწყვეტილებით, პროკურატურა ნიკა მელიას ელექტრონულ მონიტორინგს განახორციელებს.
როგორც ბრალდებულის ადვოკატი, გიორგი კონდახიშვილი აცხადებს, ნიკა მელია იქნება პირველი, ვისთან მიმართებითაც ელექტრონულ სამაჯურს გამოიყენებენ. როგორც პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განმარტა, ელექტრონული მონიტორინგი უზრუნველყოფს 24-საათიან რეჟიმში ადამიანის ადგილსამყოფელის დადგენას, ეს შესაძლოა, განხორციელდეს ე.წ. სამაჯურის გზით.