აკაკი ზოიძე ნიკა გვარამიას: შენ და უსინდისო მიშა ხართ პასუხისმგებელი ამ ახალგაზრდების დათხრილ თვალებზე – მელია შემსრულებელია, რომელიც მსხვერპლად შეწირეთ

„შენ და უსინდისო მიშა ხართ სწორედ პირველი დამნაშავეები და პასუხისმგებელი ამ ახალგაზრდების დათხრილ თვალებზე, მელია უბრალო პროვოკატორი და შემსრულებელია, რომელიც მსხვერპლად შეწირეთ“, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ხელმღვანელი, აკაკი ზოიძე სოციალურ ქსელში წერს და ნიკა გვარამიას მიმართავს.
„სპეციალურად მხოლოდ პირად გვერდზე ვწერ ამას – დანაშაულებრივი პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ პროპაგანდის მინისტრს, ნიკა გვარამიას საერთოდ არ გავცემდი პასუხს მისთვის დამახასიათებელ ბინძურ საქციელზე ჩემი მისამართით, რომ არა თემა, რის გამოც უშვერი ლანძღვა-გინების კორიანტელი დააყენა ამ ყოვლად უღირსმა ადამიანმა:
სწორედ შენს სინდისზეა შენი პატრონი მიშას ძალაუფლებისადმი დაუოკებელი ლტოლვისათვის 20 ივნისის ოკუპანტის წინააღმდეგ ალალი პროტესტით გულანთებული ახალგაზრდების შემართების გამოყენება, მათი სიცოცხლის და ჯანმრთელობის საფრთხის და დასახიჩრების ფასად. შენ და უსინდისო მიშა ხართ სწორედ პირველი დამნაშავეები და პასუხისმგებელი ამ ახალგაზრდების დათხრილ თვალებზე. მელია უბრალო პროვოკატორი და შემსრულებელია, რომელიც მსხვერპლად შეწირეთ. კარგად ჩანდა იქ ვინ გეგმავდა შტურმს პარლამენტზე, ვინ ითხოვდა კიდევ ერთხელ მსხვერპლს და გვამებს და გეტყობოდათ როგორი გაცოფებული იყავით ყველა, როდესაც ღმერთმა დაგვიფარა ჯერჯერობით და მსხვერპლი არ მოჰყვა თქვენს ამ პროვოკაციას.
მხოლოდ შენნაირი ადამიანების ავადმყოფურ ფანტაზიას შეუძლია, წარმოიდგინოს, რომ არათუ მე, – არამედ ვინმე ამ მიწაზე დაბადებული, – ამ ქვეყნის შვილების პატრიოტულ შემართებას შეიძლება მაიმუნობად აღიქვამდეს. მეტიც, შენნაირ უსულო ადამიანს, ვერც წარმოუდგენია, რომ როგორც ექიმი, მართლა ორმაგად განვიცდი ამ ახალგაზრდების დაკარგულ თვალებს და ყოველ ჭრილობას“, – წერს აკაკი ზოიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები