თბილისის მე-8 საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი
3 ივნისს, 20 საათზე, თეატრალური უნივერსტეტის მეორე კორპუსში, თბილისის მე-8 საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი ოფიციალურად გაიხსნება. ღონისძიებას დაესწრება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია. გახსნაზე ოფიციალური ნაწილის გარდა ნაჩვენები იქნება 2013 წლის გრან-პრის მფლობელი ფილმი „გზაგასაყარზე“ – რეჟისორი ზურაბ დემეტრაშვილი.
5 ივნისს, 15 საათზე, კულტურის სამინისტროში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, წელს პირველად მოეწყობა საჯარო დისკუსია კინოგანათლების საკითხების განსახილველად, სადაც მოწვეულია 15 ევროპული და რეგიონული კინოსკოლა. თბილისში შეიქმნება საერთაშორისო პლატფორმა, რომელიც თანამშრომლობის მემორანდუმით გააერთიანებს რამდენიმე უნივერსიტეტს, რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს ერთობლივი პროექტების განხორციელებას. ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს, თურქეთის, ესტონეთის, სლოვაკეთის, უკრაინის, შვედეთის, ისრაელის, რუმინეთის, ბელგიის, ბულგარეთის, ყაზახეთის და საბერძნეთის წამყვანი კინოსკოლების რექტორები, კინოფაკულტეტის დეკანები და პროფესორები.
წელს პროფესიონალთა ჯგუფმა, კინომცოდნე, პროფესორ ირინა დემეტრაძის ხელმძღვანელობით, 300-ზე მეტი წარმოდგენილი ფილმიდან ფესტივალის საკონკურსო პროგრამისთვის 50 შეარჩია. ფესტივალში მონაწილეობს 23 ქვეყნის კინოსკოლა: ფინეთი, გერმანია, ბელგია, ისრაელი, დანია, ბრიტანეთი,კოლუმბია, უკრაინა, რუსეთი, მაროკო, ჩეხეთი, ფილიპინები, სლოვაკეთი, ავსტრია, თურქეთი, ესპანეთი,ინდოეთი, პორტუგალია, პოლონეთი, ბრაზილია, ვიეტნამი, საბერძნეთი და საქართველო. ფესტივალის საერთაშორისო ჟიური დაკომპლექტდა სხვადასხვა კინოსკოლის წარმომადგენლებით: დირკჰოიერი (Baltic film school, Estonia), ბერტ ბეიენსი (RITS school of art, Belgium), ზუზანა გინდლ-ტატაროვა (Eurimage Board Member, VSMU Slovakia), რომან შირმანი (უკრაინის კინოკავშირის გენერალური მდივანი, პროფესორი), რონ ნინიო (Sem Spiegel Film and TV School, Israel).
ფესტივალის ეგიდით ჟიურის ყველა წევრი მოაწყობს მასტერკლასსა და საინფორმაციო შეხვედრას. ჟიურის წევრების შეფასებით გამოვლინდებიან გამარჯვებულები შემდეგ კატეგორიებში: საუკეთესო მხატვრული, დოკუმენტური, ანიმაციური/ექსპერიმენტული ფილმი, ასევე, დასახელდება ფესტივალის გრან-პრის მფლობელი. გაიცემა სპეციალური სერტიფიკატები იმ სპეციალობების მიხედვით, რასაც სტუდენტები მსოფლიოს კინოსკოლებში ეუფლებიან: რეჟისურა, ხმა, მონტაჟი და ოპერატორის ნამუშევარი. ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით ფესტივალს დაესწრება ოფიციალურ საკონკურსო პროგრამაში მოხვედრილი ფილმების 20 ავტორი. ისინი მონაწილეობას მიიღებენ ფესტივალის საგანმანათლებლო და კულტურულ ღონისძიებებში, გაიცნობენ ქართველ კოლეგებს და ითანამშრომლებენ მათთან „უწყვეტი კადრის“ ვორკშოფში. ფესტივალის პარალელურად გადაღებული რამდენიმე კოპროდუქცია ფესტივალის დაჯილდოების ცერემონიაზე იქნება ნაჩვენები.
7 ივნისს, 20 საათზე თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსის ეზოში ფესტივალის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება. საფესტივალო დღეების განმავლობაში თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის მეორე ადმინისტრაციულ კორპუსში მოეწყობა კინოჩვენებები, მასტერკლასები და სხვა ღონისძიებები, რომელზეც დასწრება ნებისმიერი მსურველისათვის თავისუფალია.