ეკატერინე ჩანჩიბაძე (ჩანჩიკა) – პირადი ჩანაწერები
„ცხოვრებაში მთავარია ადამიანებს, რაც შეიძლება დიდხანს შევუნაჩუნოთ სამყაროს საოცრება – სიკეთის შუქი თვალებში“
(რეზო ინანიშვილი)
მის თვალებშიც სწორედ ეს შუქი ელვარებს, თან უსასრულოდ, და თუ კარგად დააკვირდებით, პატარ-პატარა მინდვრის ყვავილებით მოცულ გაშლილ სივრცეს აღმოაჩენთ, რომელსაც მისი გულწრფელი ღიმილი სიოსავით ეფინება. ვინ იცის, თავადაც ეს მდელოა, პასტელური ფერის ყვავილებით მოცული, თუ ერთი რომელიმე განსაკუთრებული, მორცხვად, შეუმჩნევლად მდგომი გვირილა – გამორჩეული სიკეთით, სილამაზითა და შემოქმედი სულით.
“ბედნიერი ადამიანი ვარ. ამ ენერგიას ჩემი საქმიანობა მჩუქნის. ძალიან საინტერესო პროფესია მაქვს, – თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით. ვცდილობ, ყოველთვის პოზიტივი დავინახო. რთულია, თუმცა ვახერხებ და ეს სიმშვიდეს მანიჭებს. მახარებს, რომ არ ვარ ბოღმიანი, შურიანი. მაოცებენ ის ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს ლანძღავენ და მერე ერთმანეთთან მეგობრობენ. სხვისი წარმატება მახარებს. ბუნებით მშვიდი და გაწონასწორებული ვარ. საერთო განწყობა მოქმედებს ჩემზე, ჩემს შინაგან ფერებს ცვლის. ვცდილობ, რომ ეს ხშირად არ მოხდეს, რადგან „განწყობის თეორია“ ჩემთვის ძალზედ მნიშვნელოვანია.
მიუხედავად იმისა, რომ საქმესთან მიმართებაში აქტიური ვარ, ადამიანებთან ურთიერთობაში – ბევრად უფრო მოკრძალებული. ვცდილობ, არ მოვაბეზრო მათ თავი. ძალიან იშვიათად, რომ ხმას ავუწიო, თავშეკავებული ვარ. წყენის მიუხედავად, ვერ გამოვხატავ აგრესიასა და სიბრაზეს, ვიტირებ, როცა გულს მტკენენ, თუმცა მჯერა, ის ადამიანი აუცილებლად მიხვდება, რომ გული მატკინა. ტყუილი – ეს არის ის, რამაც შეიძლება ყველაზე მეტად მატკინოს გული და რისი პატიებაც არ შემიძლია.
ვისურვებდი, რომ ჩემს გარშემო რაც შეიძლება ბევრი ნათელი ფერი იყოს. სამწუხაროდ, ნაცრისფერი ჭარბობს, რაც ძალიან არ მომწონს. რეალისტი ვარ. ოპტიმისტი, ყველაფერს საღი თვალით ვუყურებ. ჩემი ოცნებაც რეალური ფერებითაა. ხშირად ვიღიმები, რადგან ვიცი, რომ ღიმილი დადებითი ემოციების გამომხატველია. არ ვარ ამბიციური. შეყვარებული ეკა იშვიათია, თუმცა სიყვარული ძალიან კარგია, ის ყველაფერს ცვლის, ჩვენს შინაგან სამყაროში – აფერადებს და ანათებს.
მნიშვნელოვანი და ფასეული ადამიანში ადამიანის პოვნაა. დასანანია, რომ ამის აღმოჩენა ადამიანში ძალიან რთულია. გული მწყდება ხოლმე იმედგაცრუებისას, ვბრაზობ, რატომ მივედი
ახალოს ადამიანთან. ჩემი ძირითადი თვისება შრომისმოყვარეობაა. ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას აუცილებლად ვქმნი ჩემი ფანტაზიის ნივთს. უსაზღვროდ მახარებს, როცა ის ადამიანებს მოსწონთ. თითოეული ნამუშევარი შრომატევადია. ჩემი თოჯინები ჩემი სამყაროს ნაწილია. ახალი გატაცება ფოტოგრაფიაა. და ახალი პროექტი, რომელსაც მალე წარვუდგენ საზოგადოებას გამოფენის სახით – დედა – შვილის თემატიკაა. სიმშვიდე, ყველაზე დიდი ბედნიარებაა და ყველაზე მეტად სჭირდება ის თითოეულ ჩვენგანს. გისურვებთ მას წარმატებასა და ბედნიერებასთან ერთად”.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=fbJ-PdrP1YI&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]