სააკაშვილი მოლდოვის პრემიერს: თქვენ მხოლოდ დაუსტვინეთ და ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მოლდოვის ახალი მთავრობისთვის დახმარების მზადყოფნა გამოთქვა და პრემიერმინისტრ მაია სანდუს ოლიგარქიული მმართველობის დასრულება მიულოცა. ამის შესახებ სააკაშვილმა მოლდოვურ ტელეკომპანია Tv8moldovas-ის ეთერში ისაუბრა.

„თქვენ მხოლოდ დაუსტვინეთ და ჩვენ მზად ვართ, დღე და ღამე ვიმუშაოთ, რათა დაგეხმაროთ როგორც ჩვენი სასარგებლო გამოცდილებით, ასევე – შეცდომებით, რადგან თქვენ ყველაფერი იმაზე უკეთ უნდა გქონდეთ, ვიდრე ჩვენ გვქონდა“, – განმარტა მიხეილ სააკაშვილმა მოლდოვის ახალი მთავრობის პრემიერმინისტრის განცხადების პასუხად, რომლის მიხედვითაც  მოლდოვას სააკაშვილის დახმარება სჭირდება.

მიხეილ სააკაშვილმა ახალი მთავრობის პრემიერმინისტრს გამარჯვება და მთავრობის მეთაურის პოსტის დაკავება მიულოცა და აღნიშნა, რომ მოლდოვის მაგალითი საქართველოს მოსახლეობისთვის იმედის ნაპერწკალია.

„პირველ ყოვლისა, მინდა, მივულოცო ჩემს დიდი ხნის მეგობარს, მაია სანდუს ამ პოზიციაზე არჩევა. სინამდვილეში ეს დიდი ისტორიული გამოწვევაა. ჩვენ ყველა, დიდი აღტაცებით გიყურებთ, რადგან ის, რისი გაკეთებაც თქვენ შეძელით, ნამდვილი ისტორიული გარღვევაა არა მხოლოდ მოლდოვისთვის, არამედ საქართველოსთვის, უკრაინისთვის, ბელორუსისთვის და ყველა იმ ქვეყნისთვის, სადაც არის ოლიგარქის მმართველობის პრობლემა. ის, რაზეც ჩვენ ვჩურჩულებდით, თქვენ თქვით ხმამაღლა, რომ თქვენი ქვეყანა დაიპყრო ოლიგარქმა, რომ ოლიგარქის მმართველობა პრობლემაა მოლდოვის მთელი ერისთვის. მინდა, მოგილოცოთ და გითხრათ, რომ თქვენ მხარს გიჭერენ ირგვლივ მყოფი პროგრესული ძალები. ბევრი ქართველისთვის ის, რაც თქვენ გააკეთეთ, იმედის ნაპერწკალია, რომ შესაძლებელია, ვთქვათ, რომ ჩვენ დაპყრობილები ვართ ოლიგარქის მიერ და გვსურს მისგან გათავისუფლება“, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

სააკაშვილმა მოლდოვის ახალი მთავრობის მეთაურს ყველაზე გავლენიანი ადამიანისა და ოლიგარქის, ვლადიმირ პლახატნიუკის ციხეში ჩასმა და მისთვის ქონების ჩამორთმევა ურჩია. ის ფიქრობს, რომ პლახატნიუკს არცერთი ქვეყანა  მიიღებს იმ შემთხვევაში, თუ ის ერის ნების წინააღმდეგ წავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები