პროკურატურა: სუსლიაკის ათივე შვილი უკრაინულ მხარეს გადაეცა
“იულია სუსლიაკის ათივე შვილი უკრაინული მხარის წარმომადგენლებს გადაეცათ, რომლებიც, ამაჟამად, საქართველოში იმყოფებიან”, – ამის შესახებ „კვირას“ გენერალური პროკურატურიდან აცნობეს.
უწყების პრესსამსახურის განმარტებით, საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე და შსს მინისტრის მოადგილე ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებში უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელსა და საქართველოში უკრაინის საელჩოს თანამშრომლებს შეხვდნენ.
უკრაინულმა მხარემ იულია სუსლიაკის სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით საქართველოში მყოფი ათი ბავშვის გადაცემა ითხოვა და გამოხატა მზადყოფნა, რომ საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, უკრაინის შესაბამისი ორგანოები პასუხისმგებლობას აიღებენ ბავშვების მეურვეობაზე და მათ ყველა შესაბამისი პირობით უზრუნველყოფენ.
აღნიშნული გარანტიების მიღების შემდეგ, ქართულმა მხარემ იხელმძღვანელა საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ბავშვთა ინტერსების საუკეთესო დაცვის პრინციპით და მიიღო გადაწყვეტილება ბავშვების უკრაინული მხარისათვის გადაცემის თაობაზე.