პარლამენტის დელეგაცია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და USAID-ის წარმომადგენლებს შეხვდა

ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ  პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით  მორიგი შეხვედრა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში გამართა.
დელეგაციის წევრები შეხვდნენ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო დეპარტამენტის მოადგილის თანაშემწეს, ალექს სოკოლოვსკის, მის კოლეგებს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოდან (USAID) და სახელმწიფო დეპარტამენტიდან.
შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს საქართველოს პარლამენტის მუშაობა და მიმდინარე რეფორმები. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია პარლამენტის ახალი რეგლამენტით გათვალისწინებულმა პარლამენტის ახალმა საზედამხედველო ფუნქციამ. მხარეებმა ისაუბრეს სასამართლო კანონმდებლობის ბაზის გაუმჯობესებასა და საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის შესახებ. როგორც საქართველოს პარლამენტის წევრებმა აღნიშნეს, ვიზიტის დროს გამოვლინდა სამომავალო თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ინიციატივები.
პარლამენტის დელეგაცია ვაშინგტონში ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამების – „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა“ (GGI) და „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” (PROLoG) ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში იმყოფება.
დელეგაციის შემადგენლობაში შედიან პარლამენტის წევრები: თამარ ჩუგოშვილი, ირაკლი კოვზანაძე, აკაკი ზოიძე, კახაბერ კუჭავა, ანრი ოხანაშვილი, ოთარ დანელია, გიორგი კახიანი, ნინო გოგუაძე, მამუკა მდინარაძე, ოთარ კახიძე, თინათინ ბოკუჩავა, ასევე პარლამენტის აპარატის უფროსი გივი მიქანაძე და აპარატის უფროსის მოადგილე – დავით გელაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები