ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა
მუნიციპალური განვითარების ფონდმა ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა. პროექტის სავარაუდო ღირებულება 5.5 მილიონ ლარზე მეტია და ის საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდება.
ახალ, ორსართულიან მუზეუმში განთავსდება საკონფერენციო დარბაზი, ფონდსაცავი, ბიბლიოთეკა, მედიათეკა და ბავშვთა საგანმანათლებლო სივრცე. შენობა თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების და შშმ პირებისთვის სრულად ადაპტირებული იქნება, მოეწყობა მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაც.
“მუზეუმში ინახება მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული, ნუმიზმატიკური, სახვითი ხელოვნების ნიმუშები, ძველი ბეჭდური წიგნები, ფოტომასალები, ხელნაწერი წიგნები, ხელნაწერი ისტორიული საბუთები და სხვადასხვა მცირე კოლექციები, ეკლესიის რელიეფები და ლაპიდარული წარწერებიანი ქვები – სულ 14 000 ძირითადი და დამხმარე ექსპონატი, რომელიც წლებია, არასათანადო პირობებში ინახება“, – განაცხადეს მუნიციპალური განვითარების ფონდში.
ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მშენებლობა პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ, დაახლოებით, ორი კვირის წინ დააანონსა.