შალვა კერესელიძე მცხეთის მუნიციპალიტეტში მოღვაწე ფერმერებს შეხვდა
მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული, შალვა კერესელიძე მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნავდარაანთკარში ფერმერებს შეხვდა და მათ საქმიანობას, სამომავლო გეგმებს პირადად გაეცნო. შეხვედრაზე განხილულ იქნა სახელმწიფო პროგრამები და პროექტები, რომლებიც მიზნად მეწარმეების მხარდაჭერას ისახავს.
შალვა კერესელიძის თქმით, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სოფლის მეურნეობის განვითარება პრიორიტეტული საკითხია.
“მცხეთა-მთიანეთში სოფლის მეურნეობის კიდევ უფრო განვითარება ჩვენთვის პრიორიტეტულია. რამდენიმე თვეა, ამოქმედდა კენკროვანი კულტურების გაშენების ხელშეწყობის პროგრამა. ახლახან დასრულდა რძის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა სოფელ შუაფხოში. ადგილობრივ ფერმერებს აქვთ შესაძლებლობა, სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამის დახმარებით წამოიწყონ და გააფართოონ წარმოება“, – აღნიშნა შალვა კერესელიძემ.
ფერმერების ნაწილმა სახელმწიფო პროექტების – „დანერგე მომავალი“ და „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ფარგლებში შეძლო საკუთარი წარმოების გაფართოება. ისინი, ამ ეტაპზე, სასაქონლე მეურნეობით, მევენახეობით, ყვავილების, ბოსტნეულის, მარცვლოვანი და კენკროვანი კულტურების მოყვანით არიან დაკავებულები.