„საქართველოს სინფონიეტა“, იაპონელი პიანისტი და მირიან ხუხუნაიშვილი კამერული მუსიკის კონცერტებს გამართავენ

თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი საქართველოს სინფონიეტა“, იაპონელი პიანისტი კასუმ ბაროუქი და დირიჟორი მირიან ხუხუნაიშვილი ბათუმში, ფოთში, თბილისსა და თელავში კამერული მუსიკის კონცერტებს გამართავენ.

როგორც „კვირას“ „საქარველოს სინფონიეტას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თეა მუქერიამ აცნობა, თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი – საქართველოს სინფონიეტა“ თბილისის საკონცერტო დარბაზების გარდა კონცერტებს მართავს ისეთ შესანიშნავ დარბაზებში, როგორიც არის ბერლინის კონცერტჰაუსი, ამსტერდამის კონცერტგებაუ, მიუნჰენის კონსერვატორიის დიდი საკონცერტო დარბაზი და სხვა. ორკესტრი რეგულარულად მონაწილეობს ფესტივალებში: თბილისის ჩასაბერ საკრავთა ფესტივალი, თბილისის კამერული მუსიკის ფესტივალი, თელავის საერთაშორისო მუსიკის ფესტივალი, გდანსკის „გოლდბერგის ფესტივალი“ (პოლონეთი) და სხვა.
კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციისთვის ხშირად იმართება „საქართველოს სინფონიეტას“ კონცერტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, რამაც მცირე დროის მიუხედავად, უკვე გამოიღო შედეგები. ახლაც, ვიდრე ორკესტრი გერმანიაში  „გუთ იმლინგის საოპერო ფესტივალზე“ გაემგზავრება, კამერული მუსიკის კონცერტებით საქართველოს რამდენიმე ქალაქს ეწვევა.

ახალგაზრდა დირიჟორმა, მირიან ხუხუნაიშვილმა 2014 წელს მიიღო მაგისტრის ხარიხი სიმფონიურ დირიჟორობაში, კრაკოვის მუსიკის აკადემიაში (პროფ. სტანისლავ კრავჩინსკის კლასი). ამჟამად ამავე აკადემიის დოქტორანტურის დამამთავრებელი კურსის სტუდენტია. 2012 წლიდან აქტიურად დირიჟორობს სხვადასხვა კოლექტივს, მათ შორის: თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრსა და გუნდს, საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს, თბილისის სახელმწიფო ორკესტრს, თბილისის სახელმწიფო კონსევატორიის სტუდენტურ ორკესტრს, ბეთჰოვენის აკადემიის ორკესტრს, საქართველოს ეროვნული საგუნდო კაპელას და სხვა. „საქართველოს სინფონიეტასთან“ ერთად მირიანს არაერთი კონცერტი გაუმართავს. მას უთანამშრომლია ისეთ აღიარებულ სოლისტებთან, როგორებიც არიან ელისო ვირსალაძე, პაატა ბურჭულაძე, ნინო მაჩაიძე, ირაკლი კახიძე, ალექსანდრ ბუზლოვი, ედუარდ ბრუნერი, მარიამ ბაწაშვილი, ვერიკო ჭუმბურიძე.
2016-2017 წლებში მიწვეული იყო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტური ორკესტრის მთავარ დირიჟორად. 2019 წელს, მიხეილ მდინარაძესთან ერთად დააარსა თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი და ამჟამად მისი მთავარი დირიჟორი და სამხატვრო ხელმძღვანელია.

კასუმ ბაროუქიმ ფორტეპიანოზე დაკვრა 5 წლის ასაკიდან დაიწყო. მისი პედაგოგები იყვნენ: კაზუკო სარუტა, ლინდა ნაჯი ბრაუნის უნივერსიტეტში, პროფესორი ტონი ილ-ჰანი ბოსტონის უნივერსიტეტში და ვალენტინა ლასი, პედაგოგი მოსკოვის კონსერვატორიიდან. კასუმი ბაროუქს უთანამშრომლია ისეთ ცნობილ ორკესტრებთან, როგორიც არის: ჩეხეთის, მორავიის, ბოსტონის, ჰილარის კამერული ორკესტრები; აგრეთვე ჩეხეთის ბაროკოს ანსამბლი, კრაკოვის სინფონიეტა და სხვა. აღსანიშნავია, რომ კასუმი ბაროუქი მუსიკოსის გარდა ძალიან წარმატებული ექიმია (სტომატოლოგი) და 2010 წლიდან, წამყვანი პიანისტის პოზიციას იკავებს ტოკიოს ორკესტრში –  DFO (Dental Family Orchestra). მისი მრავალფეროვანი რეპერტუარი მოიცავს საფორტეპიანო მუსიკას ბახიდან დაწყებული თანამედროვე კომპოზიტორების ჩათვლით, მათ შორის გახლავთ გია ყანჩელის, სილვიე ბოდოროვასა და ჰელმუტ შმიდინგერის ნაწარმოებები. კასუმი ბაროუქს კონცერტები აქვს გამართული მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში გერმანიაში, პოლონეთში, ჩეხეთში, ავსტრიაში, იაპონიაში, საუდის არაბეთში და ახლა უკვე საქართველოს სხვადასხვა ქალაქს ესტუმრება.

კონცერტები გაიმართება: 5 ივნისს ბათუმში ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლაში; 6 ივნისს, ფოთში არჩილ ხორავას სახელობის სახელოვნები სასწავლებელში; 8 ივნისს, დედაქალაქში, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზში და კონცერტების სერია დასრულდება 9 ივნისს, თელავში, ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრში. შესრულდება ე. გრიგისა და ი. ჰაიდნის ნაწარმოებები.
დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები