საქართველო დუბლინის გემების ფესტივალზე

29 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით ირლანდიაში, დუბლინში გემების საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება, სადაც საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობს. „გემების ფესტივალზე“ საქართველო ევროპას ტრადიციულ ადათ-წესებს, თანამედროვე ხელოვნებასა და კინემატოგრაფიაში მიღწეულ წარმატებებს გააცნობს. კულტურული პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ანსამბლების: “სუხიშვილები” და “რუსთავი”, “შავფაროსნების” და ხელოვნების სასახლის კოლექციების გამოფენები.
ქართული კულტურის მრავალფეროვნების წარმოჩენის მიზნით ასევე დაიგეგმა ტრადიციული ხალხური რეწვის გამოფენის მოწყობა, რომლის ფარგლებშიც წარმოდგენილი იქნება ტრადიციული ქართული ხალხური კულტურის სხვადასხვა მიმართულებეა: კერამიკა, ნაქარგობა, ჭედურობა, სამუზეუმო მინაბაძები, ტრადიციული ქართული ლურჯი სუფრა და სხვა. ფესტივალზე დაგეგმილია რეჟისორ თინათინ გურჩიანის ფილმის – „მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს“ ჩვენება. გემების ფესტივალის ეგიდით მოეწყობა ქართული ღვინის დეგუსტაცია და ყველის ტრადიციული წარმოების დემონსტრირება. პორტის ცენტრში ქართულ მხარეს დაუთმობენ მეცხრამეტე საუკუნის ფრეგატს,რომელიც ქართული ჰერალდიკით იქნება დამშვენებული, სადაც “შავფაროსნები” ეროვნული საბრძოლო ხელოვნებისადმი მიძღვნილ წარმოდგენას გამართავენ. ამავე ფრეგატზე წარმოადგენენ პერფორმანსს არგონავტებზეც. დუბლინის გემების ფესტივალი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და, ამასთანავე, ხალხმრავალი ღონისძიებაა. საერთაშორიო ფესტივალი დაახლოებით სამასი წლის ისტორიას ითვლის, იგი ქვეყნის სოციალურ – ეკონომიკური სტრატეგიის ძირითადი ნაწილია. ყოველწლიურად ფესტივალზე უამრავი ტურისტი იყრის თავს. ფესტივალის მიმდინარეობის დროს ქალაქის მთავარ მდინარეში ზღვიდან შემოდის ევროპის თითქმის ყველა ქვეყნის გემი თავისი ქვეყნების ოფიციალურ დელეგაციებთან და ანსამბლებთან ერთად. დუბლინში შემომავალ გემებს ხვდება მთავარი, ანუ მასპინძელი ქვეყანა. ქართულ დელეგაციას დუბლინში კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი ხელმძღვანელობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები