ფოთის თეატრი მაყურებლის მისაღებად მზადაა
ფოთის განახლებული თეატრი მაყურებლის მისაღებად უკვე მზადაა. რეაბილიტირებული შენობა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა და თეატრალურ საზოგადოებასა და კულტურის მოღვაწეებს დღევანდელი დღე მიულოცა. პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს დიდ თეატრალურ ტრადიციაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ფოთის თეატრის ისტორია 127 წელს ითვლის. ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ფოთის თეატრი ყოველთვის წამყვან თეატრებს შორის იდგა და თავისი წვლილი შეჰქონდა ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში.
„ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ტრადიცია გაგრძელდეს. დღეიდან უკვე ამ შესანიშნავ თეატრს აქვს ახალი, თანამედროვე შენობა და ყველა პირობა იმისთვის, რომ მაქსიმალურად წარმოაჩინოს თავისი შემოქმედებითი პოტენციალი, საუკეთესო დარბაზში საუკეთესო სპექტაკლები შესთავაზოს მაყურებელს. ფოთს დაუბრუნდა თეატრი ისეთი სახით, როგორც ფოთსა და ფოთელებს ეკადრებათ. დღეს ძალიან სასიხარულო დღეა, რადგან ყველა სირთულე უკან არის და ამ ახალაშენებულ, ულამაზეს შენობაში თეატრის ახალი სიცოცხლე იწყება. დარწმუნებული ვარ, ეს მშვენიერი შენობა ფოთის სავიზიტო ბარათი იქნება“, – აღნიშნა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას.
ირაკლი ღარიბაშვილმა თეატრის პერსონალს წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ თეატრის დასი საუკეთესო ტრადიციებს ახალ სცენაზე ღირსეულად განაგრძობს.