ამირან გიგუაშვილი: „ოცნების“ მთავარი პრობლემა საკუთარი ამომრჩევლის მობილიზება იქნება

თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით არსებულ სამართლებრივ გარემოზე და მოსალოდნელ შედეგებზე პორტალი “კვირა“ პოლიტიკის და სამართლის ცენტრის თავმჯდომარეს ამირან გიგუაშვილს ესაუბრა. გიგუაშვილის თქმით, ამჟამად არსებული საარჩევნო გარემოს შედარებაც არ შეიძლება იმასთან, რა ვითარებაშიც ტარდებოდა არჩევნები 2012 წლამდე. რაც შეეხება ხარვეზებს, გიგუაშვილს შენიშვნები აქვს საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესთან დაკავშირებით, სადაც მხოლოდ მმართველი კოალიცია და „ნაციონალური მოძრაობაა“ წარმოდგენილი.
მისივე თქმით, ასევე უნდა დადგინდეს, რატომ მოხსნა ათეულობით მაჟორიტარობის კანდიდატმა საკუთარი კანდიდატურა და ხომ არ იყო რაიმე სახის ზეწოლა მათზე.

– ბატონო ამირან, როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს. რამდენად კონკურენტუნარიანია ის სამართლებრივი სივრცე, რომელშიც მხარეები მონაწილეობენ და უზრუნველყოფილია თუ არა თანაბარი მდგომარეობა არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტისთვის?

– არ ვიქნები ორიგინალური, თუ ვიტყვი, რომ ამჟამად არსებული საარჩევნო გარემოს შედარებაც არ შეიძლება იმასთან, რა ვითარებაშიც ტარდებოდა არჩევნები 2012 წლამდე. პოლიტიკური მოწინააღმდეგეები სამშობლოს მტრებად არ ცხადდებიან, მოდელირებულ კინოებს ჯაშუშებსა და ტერორისტებზე არ გვაყურებინებენ. ამომრჩეველთან შეხვედრები თავისუფალია, ადამიანებს დაჭერით არ აშანტაჟებენ, უბნებში კუდი და სოდი არ დარბის ხმების მოსაგროვებლად და ასე შემდეგ. ეს რაც კარგია, თუმცა არის პრეტენზიები საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესთან დაკავშირებით, სადაც მხოლოდ მმართველი კოალიცია და „ნაციონალური მოძრაობაა“ წარმოდგენილი. ასევე შენიშვნებია საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით. კითხვები არსებობს თვითონ ცესკოს მიმართ, რომელმაც ერთი და იგივე ტიპის საჩივრებზე, რაც მერობის კანდიდატთა ქვეყანაში ცხოვრების ორწლიან ცენზს ეხება, განსხვავებული გადაწყვეტილებები მიიღო და არ მოახდინა მათი სათანადო, დამაჯერებელი განმარტება.
ვგულისხმობ გორის, რუსთავის და ფოთის მერობის კანდიდატებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებს. ასევე უნდა დადგინდეს, რატომ მოიხსნა ათეულობით მაჟორიტარობის კანდიდატმა საკუთარი კანდიდატურა და ხომ არ იყო რაიმე სახის ზეწოლა მათ მიმართ. დაუშვებელია კვერცხების სროლა, კაფეებში ცემა-ტყეპა და ასე შემდეგ, თუმცა, საერთო ჯამში, ვფიქრობ, ეს არჩევნები მაინც დადებითად შეფასდება საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ, რადგან, მარტივად თუ ვიტყვით, ამ საარჩევნო გარემოში და ამ საარჩევნო კოდექსითაც შეიძლება მმართველი ძალის დამარცხება. არჩევნების ობიექტურობის ხარისხის გასნსაზღვრისათვის კი უმთავრესი კრიტერიუმი ეს არის.

– თქვენ მმართველი კოალიციის დამარცხება ახსენეთ და რამდენად მოსალოდნელად მიგაჩნიათ ამ არჩევნებში „ქართული ოცნების“ დამარცხება, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა პრემიერმა ოზურგეთში განაცხადა, რომ არ დაუშვებს სხვა პოლიტიკური ძალის გამარჯვებას რომელიმე ქალაქსა და რეგიონში.

– პრემიერის ეს განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მთავარი პრობლემა ამ არჩევნებზე „ოცნებისათვის“ არა სხვა რომელიმე პარტია, არამედ საკუთარი ამომრჩევლის მობილიზება იქნება. ვფიქრობ, განსაკუთრებული სირთულეები მათ რაიონებში ექნებათ, სადაც გარდა იმისა, რომ არსებობს კითხვები კოალიციის მიერ შემოთავაზებული ზოგიერთი კანდიდატის წარსულთან თუ კვალიფიკაციასთან დაკავშირებით, ასევე დიდ პრობლემას წარმოადგენს ამომრჩეველთა პასიურობა. თვითმმართველობის არჩევნები ისედაც არ ხასიათდება განსაკუთრებული აქტივობით. გარდა ამისა, გავიხსენოთ გასული საპრეზიდენტო არჩევნები, სადაც მიუხედავად იმისა, რომ კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი იყო და თავად დადიოდა რეგიონებში, ამომრჩეველთა 50%-ზე ნაკლები მივიდა ხმის მისაცემად. ბოლოს, გახსოვთ, ისიც კი განაცხადა, რომ მარგველაშვილი მოხსნიდა კანდიდატურას, თუ არჩევნებს პირველივე ტურში არ მოიგებდა.
დღეს კი დამერწმუნეთ, ამ მხრივ უფრო მეტი ინერტულობაა მოსახლეობაში. ამ ფაქტორმა შესაძლოა, განაპირობოს ის, რომ რომელიმე ოპოზიციური პარტიის კანდიდატის რაოდენებრივად უფრო ნაკლებმა, მაგრამ მობილიზებულმა მხარდამჭერებმა აჯობონ კოალიციის პასიურ ელექტორატს, რაც, ობიექტურად თუ შევაფასებთ, შეიძლება სულაც არ იყოს ცუდი არც დემოკრატიისათვის, არც ქვეყნის განვითარებისათვის და, თქვენ წარმოიდგინეთ, არც თავად კოალიციისათვის.

– რას გულისხმობთ, რატომ შეიძლება იყოს მარცხი კარგი კოალიციისათვის.

– ის, რაც კარგია დემოკრატიისათვის, კარგია ქვეყნისთვის და, მაშასადამე, ხელისუფლებისათვისაც და ოპოზიციისთვისაც. ჩვენ არ გვჭირდება ერთპარტიული სისტემა. სწორედ უკონკურენტო გარემომ გახრწნა და მოადუნა „ნაციონალური მოძრაობა“. ამიტომაც თუ დღეს რომელიმე რაიონში, რომელიმე უბანში კოალიცია წააგებს, ეს იქნება მკვეთრი და დროული მესიჯი მისთვის, რომ რაღაც წესრიგში ვერ არის და უნდა იმუშაონ. პლურალიზმი და მრავალპარტიულობა არის გარანტია იმისა, რომ ქვეყანამ თავიდან აიცილოს სტაგნაცია და პოლიტიკურ ველზე მოთამაშე სუბიექტები მუდმივად ფორმაში იყვნენ. არჩევნების დანიშნულებაც სწორედ ეს არის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები