გაერო ისრაელის მიერ ღაზის სექტორში ნასერის საავადმყოფოზე იერიშს ეხმაურება
გაერო ღაზის სექტორში ნასერის საავადმყოფოზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავს.
ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა ოფისის წარმომადგენელმა, ტამინ ალ-ხიტანმა განაცხადა, რომ სამედიცინო ობიექტებზე თავდასხმები დაუშვებელია და ისინი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის აშკარა დარღვევას წარმოადგენს.
“ეს შოკის მომგვრელი და მიუღებელია. ბევრი კითხვა ჩნდება ჟურნალისტებზე დამიზნებასთან დაკავშირებით და ყველა ასეთი შემთხვევა აუცილებლად უნდა იყოს გამოძიებული, პასუხისმგებელი პირები დაისაჯონ. ამ გამოძიებებმა შედეგები უნდა მოიტანოს, სამართლიანობა აღდგეს“, – განაცხადა ტამინ ალ-ხიტანმა.
გაერო კვლავ მოუწოდებს ყველა მხარეს, დაიცვან სამოქალაქო მოსახლეობა და უზრუნველყონ ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელი მიწოდება.
ორგანიზაციის წარმომადგენლები ხაზს უსვამენ, რომ საავადმყოფოები, ექიმები და პაციენტები სამხედრო ოპერაციების სამიზნე არ უნდა გახდნენ.
შეგახსენებთ, ისრაელის მიერ ღაზას სექტორში მდებარე ნასერის საავადმყოფოზე დარტყმებს 20 ადამიანი, მათ შორის ხუთი ჟურნალისტი ემსხვერპლა.