თენგიზ შარმანაშვილი- ევროპის საბჭოს, ექსპერტთა საბჭოს დასკვნაზე: ეს ოფიციალური დოკუმენტი არ არის

„დეზინფორმაცია მათი სტილია და, რა თქმა უნდა, ეს ევროპის საბჭოს ოფიციალური დოკუმენტი არ არის,”- ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტთან“ დაკავშირებით ევროპის საბჭოს, ექსპერტთა საბჭოს მოსაზრებაზე საუბრისას განაცხადა.

„დეზინფორმაცია მათი სტილია და, რა თქმა უნდა, ეს ევროპის საბჭოს ოფიციალური დოკუმენტი არ არის. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ის არც ექსპერტთა დოკუმენტია, მიუხედავად იმისა, რომ სათაურში ეს წერია. არის ზოგადი, ბრტყელ-ბრტყელი, არაფრის მომცემი ფრაზები და, რა თქმა უნდა, არაობიექტურია. აქედან გამომდინარე, იმისკენ კი არ მოგვიწოდებენ, რომ დავსხდეთ, „ჩვენ მზად ვართ, თქვენთან ერთად ვიმუშაოთ, ეს კანონი გავაკეთილშობილოთ“. მოჭრილად ამბობენ, რომ „ამის გაკეთება არ შეიძლება, ეს უნდა გაუქმდეს“, მაგრამ იმას ვერ ბედავენ, რომ აღნიშნონ, რომ ეს დოკუმენტი ჩვენი პროდუქტი არ არის. პირდაპირ, ერთი ერთში გადმოვიღეთ ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ეს არის რაღაც პოლიტიკურად ანგაჟირებული დოკუმენტი, არაფრისმთქმელი“, – აცხადებს შარმანაშვილი.

ცნობისთვის, ევროპის საბჭოს ექსპერტთა საბჭო, საქართველოს კანონზე „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“ (FARA) მოსაზრებას აქვეყნებს. დოკუმენტის თანახმად, „აქტში გათვალისწინებულ ზომებს ძალიან მნიშვნელოვანი გავლენა ექნება შეკრების თავისუფლებასა და რამდენიმე სხვა გარანტირებულ უფლებაზე“, შესაბამისად, ექსპერტთა საბჭოს მოსაზრებით, მიზანშეწონილი იქნებოდა აქტის გაწვევა და მისი დებულებების აღსრულებისკენ რაიმე ნაბიჯებისგან თავის შეკავება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები