ზაზა ქევანიშვილი: დარწმუნებული ვართ ჩვენს გამარჯვებაში და ვიცი რა ჩვენი დაგეგმილი პროექტები, ამბროლაური ძალიან მალე გახდება ერთ-ერთი ლამაზი ქალაქი საქართველოში

დარწმუნებული ვართ ჩვენს გამარჯვებაში და ვიცი რა ჩვენი დაგეგმილი პროექტები, ამბროლაური ძალიან მალე გახდება ერთ-ერთი ლამაზი ქალაქი საქართველოში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ზაზა ქევანიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ ამბროლაურისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტში ახალგაზრდობის შენარჩუნება და რეგიონის განვითარებით მათი მიგრაციისთვის ხელი შეშლა.

„ჩვენ მუნიციპალიტეტში გამოწვევების კუთხით პირველ ადგილზე ვაყენებთ მიგრაციის თემას. ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ახალგაზრდებს მივცეთ მეტი სტიმული, მოტივაცია, თავიანთი შესაძლებლობების გამოხატვის საშუალება და ხელი შევუწყოთ მათ დასაქმებას. ღირსეული ახალგაზრდები გვყავს და ეს ფონდი უფრო მეტად არის ასათვისებელი და ამას იმედია შევძლებთ.

შემდეგი საკითხი ასევე არის ამბროლაურის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირება, რომელიც ახლა მიმდინარეობს და აქტიურ ფაზაშია. 69 სოფლიდან დაახლოებით 45%-ში უკვე დასრულებულია ეს პროცესი და მოსახლეობა სარგებლობს ამ სერვისით. შემდეგი წლის ბოლომდე უკვე ბოლომდე იქნება ამბროლაურის მუნიციპალიტეტი ათვისებული. ასევე, ხაზს გავუსვამდი ინტერნეტიზაციის პროცესს, რომელიც ასევე დაწყებულია და თვითონ ქალაქი, ასევე რამდენიმე სოფელი უკვე სარგებლობს ამ სერვისით. ამ ყველაფერს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ახალგაზრდობა, ხელი შევუწყოთ დისტანციური სამუშაოების განხორციელებას ადგილზე და ხელი შევუშალოთ მათ მიგრაციას“, – განაცხადა ქევანიშვილმა.

მან ასევე ისაუბრა ამბროლაურის რაიონის წყალმომარაგებასთან დაკავშირებით, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი პროექტი, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება მოსახლეობის 24 საათიანი წყალმომარაგება.

ქევანიშვილის თქმით, წინასაარჩევნო პროცესი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.

„წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები დაწყებულია. ჩვენ ვხვდებით და უკვე შევხვდით ამბროლაურის ნაწილს. ასევე, ახლო მომავალში ვაპირებთ სოფლებში გასვლას, რათა მოვისმინოთ ჩვენი მოსახლეობისთვის საჭირბოროტო საკითხები. მათთან შეთანხმებით განვსაზღვროთ პრიორიტეტები და ა.შ. ძალიან მშვიდი გარემოა, დარწმუნებული ვართ ჩვენს გამარჯვებაში და ამით მივაღწევთ იმას, რომ გავაგრძელებთ აღმშენებლობას, განვითარებას და ჩვენი ლამაზი რაჭის უფრო მეტად გაკეთილშობილებას. ვიცი რა ჩვენი დაგეგმილი პროექტები, ვიცით, რომ ამბროლაური ძალიან მალე გახდება ერთ-ერთი ლამაზი ქალაქი ჩვენს საქართველოში“, – აღნიშნა ქევანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები